7-04-2020
ქობულეთში, სოფელში გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ერთ-ერთ სახლთან პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
გავრცელებული ინფომაციით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სოფელში სტუმრად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ქობულეთსა და ბათუმში მისი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.