მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, შეჯიბრი დიდველის პირველ ტრასაზე ჩატარდება. სათხილამურო ტრასა ზღვის დონიდან – 2163 მეტრზე დაიწყება და მისი სიგრძე 915 მეტრი იქნება.
„სათხილამურო ტრასის ასაშენებლად სკი კროსის მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებელი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდო ჩამოდის. ეს შეჯიბრი პირველი ნაბიჯია სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. სკი კროსის ბაკურიანში წარმატებით ჩატარება, საქართველოს დაეხმარება სხვა აპლიკანტ ქვეყნებს შორის საპატიო ადგილის მოპოვებაში. გარდა ამისა, ბაკურიანის შეჯიბრში მოპოვებული საერთაშორისო ქულები მოთხილამურეებს მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.
სკი კროსი (Ski Cross) 2010 წლიდან ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. ის სათხილამურო ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად მონაწილეობას გულისხმობს. დაბრკოლებებით სავსე, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ტრასის დაფარვას მოთხილამურეები მინიმალურ დროში ცდილობენ.