გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს ელჩი აშში-ში - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო მხარდაჭერა საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლის აღიარებაზე მეტყველებს

10-04-2020

"საქართველოს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მარტის დასაწყისში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისადმი"- წერს საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე "რეალ ცლეარ წორლდ" -ში გამოქვეყნებულ წერილში სათაურით - "საერთო ღირებულებები: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა".

მისი თქმით, ამ მრავალპარტიული შეთანხმების მიხედვით, რომელსაც წინ უძღოდა მოლაპარაკებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიის ხელშეწყობით, გაიზარდა პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა.

დავით ბაქრაძე იხსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, ეს შეთანხმება წარმოადგენს "მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს დემოკრატიის გაძლიერებისკენ, პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ".

"ამ ცვლილებებს ასევე მოჰყვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან და უმაღლესი შეფასება ორივე პარტიის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პროდემოკრატიული ცვლილებების მიღებას, რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ", - განაცხადა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა. მისი თქმით, "კომპრომისისა და [პოლიტიკური] სიმწიფის გზით, საბოლოოდ გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიის განმტკიცებისკენ. ხსენებული საყოველთაო მხარდაჭერა მეტყველებს საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლის აღიარებაზე, ასევე ჩემი ქვეყნის მიზანმიმართულებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით" - წერს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, ამ მიზანმიმართულებამ დადებითი შედეგები მოუტანა საქართველოს ეკონომიკასაც.

„Heritage Foundation-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. გარდა ამისა, ეს მიზანმიმართულება კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის ურთიერთობას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისთვის. როგორც საქართველოს ელჩი აშშ-ში, მე ყოველდღიურად ვხედავ ამ პარტნიორობას მოქმედებაში" - აცხადებს დავით ბაქრაძე.