14-04-2020
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 პაციენტზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის კოვიდი-19-ით კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი ბავშვია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულთა შორის 13 პაციენტს პნევმონია აქვს, სამის ჯანმრელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით ერთი პირი კარანტინიდან შეიყვანეს, მისი ანალიზის შედეგები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.