14-02-2018
ბაკურიანი საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს - ამ თემაზე ხვალ, 15 თებერვალს, ბაკურიანში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით „სკი კროსში“ შეჯიბრი გაიმართება, რომელსაც საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს. 2010 წლიდან Ski Cross ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა, რაც ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად მონაწილეობას გულისხმობს. დაბრკოლებებით აღჭურვილ, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ტრასის დაფარვას მოთხილამურეები მინიმალურ დროში შეეცდებიან.
საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში 8 ქართველი მოთხილამურეც იღებს მონაწილეობას. ბაკურიანში ჩატარებულ შეჯიბრში მოპოვებული საერთაშორისო ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. „სკი კროსი“
დიდველის პირველ ტრასაზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სათხილამურო ტრასის ასაშენებლად საქართველოში „სკი კროსის“ მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებელი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდო იმყოფება.
ეს შეჯიბრი პირველი ნაბიჯია სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. „სკი კროსის“ ბაკურიანში წარმატებით ჩატარება ხელს შეუწყობს სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საქართველოს საპატიო ადგილის მოპოვებას.
ბაკურიანში „სკი კროსის“ შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. შეჯიბრის პარტნიორი კომპანია „სილქნეტია.“
პრესკონფერენცია 10:30 საათზე დაიწყება.