გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ივანე მაჭავარიანი, კობა გვენეტაძე, მერსედეს ვერა მარტინი: ჩვენი პროგრამა სავალუტო ფონდთან იყო და რჩება ძალიან წარმატებული

15-04-2020

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევის გათვალისწინებით, პროგრამის შეფასება პირველად დისტანციურად განხორციელდა.

შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს მისიის დაწყებასთან დაკავშირებით მყისიერი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ წინაშე დგას სამი ამოცანა - პირველი, გავუმკლავდეთ პანდემიას; მეორე, შევძლოთ იმ მოსახლეობის სოციალური დაცვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო მოკლებულია საარსებო წყაროებს; მესამე, შევძლოთ ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის სწრაფად აღმოფხვრა. მოსალოდნელია ეკონომიკის კლების გამო შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. ამ ფონზე გაზრდილი სოციალური დანახარჯების დასაფინანსებლად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მოიზიდოს დამატებითი დაფინანსება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან შეთანხმება, რადგან შეთანხმების შედეგად საქართველოს გამოეყოფა 200 მლნ აშშ დოლარი. ჩვენ საკმაოდ წარმატებით ვითანამშრომლეთ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და მიღწეული გვაქვს შეთანხმება დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე მიმდინარე წელს. ამას დაემატება ამავე მოცულობის ინვესტიცია კერძო სექტორში“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ფონდთან შეთანხმება შედგა განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზზე და იმ დანაკლისზეც, რაც ეკონომიკამ პანდემიის გამო განიცადა.

„ჩვენ ველით დაახლოებით 4-5 პროცენტიან ეკონომიკურ კლებას 2020 წელს და ჩვენი შეფასებით, გვექნება დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დანაკლისი საგადამხდელო ბალანსში. ეს თანხა უკვე მოძიებულია და შეივსება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენი პროგრამა სავალუტო ფონდთან იყო და რჩება ძალიან წარმატებული. ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა მაღალი რეპუტაცია რეფორმების, ფისკალური დისციპლინისა და მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით, რისი შედეგიც დღეს არის ის დახმარება, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ. მნიშვნელოვან გამოწვევებს ველით ასევე ფისკალური კუთხით, ვინაიდან ჩვენ გვეზრდება ხარჯები და გვიმცირდება საგადასახადო შემოსავლები. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევამცირებთ ხარჯებს. ამასთან, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობისა, რეფორმების კუთხით ჩვენ შეუფერხებლად განვაგრძობთ მუშაობას. ყველა შეფასებით, ეს შოკი არის დროებითი. რაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გამოიწვევს რეცესიას, მაგრამ, საბედნიეროდ, შემდეგ წლებში ამას მოჰყვება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა აუცილებლად აინაზღაურებს ამ დანაკლისს. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძის შეფასებით, ეკონომიკური გუნდის სწრაფი მოქმედების შედეგად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მიღწეული შეთანხმება პროგრამის ფარგლებში ადრე დამტკიცებული შეთანხმების ფარგლებზე დაახლოებით 375 მლნ დოლარით მეტ რესურსს მივიღებთ, რაც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებებსა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ამჯერად ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის გაიყოფა. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ ამ შეთანხმების დამტკიცებისთანავე ფინანსთა სამინისტრო 200 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა შემდეგი ორი მიმოხილვის შედეგად ეროვნული ბანკისთვისაა განკუთვნილი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეროვნული ბანკი გააგრძელებს მოქნილი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას ისე, რომ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე ეტაპობრივად დაბრუნება უზრუნველყოს.

„შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, ლარის გადაჭარბებული მერყეობის შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად, სავალუტო ინტერვენციები საჭიროების მიხედვით უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული. გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი სწორედ დღეს ჩანს. ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, სწორედ იმ დაგროვებულ რეზერვებს გამოვიყენებთ სავალუტო ბაზრისთვის მისაწოდებლად“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისივე შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური დახმარების გარდა, საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო ინსტიტუტები კერძო სექტორს დამატებით $1.5 მილიარდამდე დაფინანსებას გამოუყოფენ, რომლის ძირითადი ნაწილიც კომერციული ბანკების გავლით რეალურ სექტორში მოხვდება.

„ვირუსით გამოწვეული საფრთხეების დაძლევის შემდეგ, ეს რესურსი წაახალისებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას - საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით 2021-2025 წლების განმავლობაში ეკონომიკის წლიურად საშუალოდ ზრდა 5 პროცენტზე მეტი იქნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.



საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის შეთანხმებაზე გამართული დისკუსია პროდუქტიულად შეაფასა მისიის ხელმძღვანელმა. მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, გაზრდილი დაფინანსება დაეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს და მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას.

„ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე. მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება“, - განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

მერსედეს ვერა მარტინის განმარტებით, COVID-19-ის პანდემიამ წარმოშვა საგადამხდელო ბალანსის დაფინანსების საჭიროება დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით 2020-2021 წლებში და ეს საჭიროება სსფ-ს და სხვა დონორების დახმარებით დაფინანსდება.

“ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. გასულ წლებში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, ფისკალური და საგარეო რეზერვების ზრდის, კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილ საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით საქართველო მომზადებულია ამ გამოწვევის პირისპირ. ხელისუფლებამ მოიძია ფინანსური რესურსი საერთაშორის სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც დააფინანსებს ამ გაზრდილ დეფიციტს და ასევე შექმნის რეზერვს, რაც მთავრობას დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, შოკის დასრულების შემდეგ განახორციელოს ფისკალური კონსოლიდაცია და გაზარდოს ფისკალური რეზერვი ფისკალურ რისკებთან გასამკლავებლად. ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკმა განახორციელა სავალუტო ინტერვენციები გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად და გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერები დროულად გამოთავისუფლდა ეკონომიკის მხარდასაჭერად. ბანკებს ეთხოვათ მოსალოდნელი დანაკარგი დაუყოვნებლივ ეღიარებინათ. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა მისი პოლიტიკა მოქნილად შეცვალოს ვითარების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ფასების და ფინანსური სტაბილურობა. სტრუქტურული რეფორმების შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას”, - აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა და საქართველოს ხელისუფლებას, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის მადლობა გადაუხადა.