16-04-2020
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ქორიძესთან, გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელთან, ღასან ხალილთან და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელთან ლუსო დოსტიბეგიანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ საჭიროებებს გაეცნო. ოჯახებს ასევე დაურიგდათ სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი, რაც მათ სახლში დარჩენას შეუწყობს ხელს და მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ.
„COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, სოციალური დაცვა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე რეჟიმში ვაანალიზებთ რისკებს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ და ვმუშაობთ მათ აღმოფხვრაზე. დღეს გავერთიანდით გაეროს ბავშთა ფონდთან (UNICEF) ერთად, რათა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მივაწოდოთ ინფორმაცია პანდემიისაგან თავის დაცვის შესახებ და მოვამარაგოთ ისინი პირველადი სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით. ამ ეტაპზე კიდევ მრავალი გამოწვევა რჩება დღის წესრიგში და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობთ მათ აღმოფხვრაზე,“ - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან და მივაწოდოთ მათ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ოჯახებს, შესაძლოა, სჭირდებოდეთ საკვები, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებები ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა, საქართველოს მთავრობასთან ერთად დაეხმაროს ყველაზე დაუცველ ოჯახებსა და თემებს“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად თანამშრომლობს.