15-02-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „სკი კროსში“ 16-17 თებერვალს გასამართ შეჯიბრთან დაკავშირებით ისაუბრა.
პრემიერის თქმით, ეს შეჯიბრი 2023 წელს საქართველოში ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად მოსამზადებელი ეტაპია.
„16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრი „სკი კროსში“ (Ski Cross), რომელშიც ჩვენი 8 მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენები ჩამოსულები არიან ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ავსტრალიიდან, ყაზახეთიდან და მათ ბაკურიანში მოპოვებული ქულები გამოადგებათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობისთვის, რადგან ის აძლევს შესაძლებლობას ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდველის სათხილამურო ტრასის შეჯიბრისთვის მოსამზადებლად ჩამოსული არიან „სკი კროსის“ მსოფლიო კლასის ტრასის დიზაინერ-მშენებლები და მათ სპეციალურად მოაწყვეს ტრასა ამ შეჯიბრებისთვის, რომლის ჩატარებაც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოსთვის და ეს არის მოსამზადებელი ეტაპი 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ფრისტაილში, სნოუბორდში. მოგეხსენებათ, ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი, რომ საქართველოში 2023 წელს ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ შეჯიბრს აქვს კიდევ ერთი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ „სკი კროსი“ შევიდა ზამთრის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, ამიტომ ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც 2030 წელს გააჩნია ამბიცია, რომ საქართველოში ჩავატაროთ 26-ე ზამთრის ოლიმპიადა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე ოლიმპიური ზამთრის სპორტის სახეობებს ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასშტაბით“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მომავალ წელს ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოში საბაგიროები დამონტაჟდება.
„აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ჩართულობას, სულისკვეთებას და ძალიან პოზიტიურ აღქმას მოსახლეობის მხრივ ინიციატივისა, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დანერგა მინი საბაგიროების კუთხით. მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟება, რათა ყველა ბავშვმა საქართველოში, რომელიც მთის რეგიონებში ცხოვრობს, ისარგებლოს არა მხოლოდ ცნობილი საერთაშორისო მასშტაბის ზამთრის კურორტებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, არამედ მათივე სოფლებში შესაძლებელი იყოს, რომ დაკავდნენ ზამთრის სპორტის სახეობებით და არ მოუწიოთ თხილამურებით საკუთარი ძალისხმევით ასვლა ძალიან ციცაბო ტრასებზე, რომელიც მათ სოფლებში არსებობს იქვე და არის ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, უკვე სვანეთის რამდენიმე სოფელში, დავამონტაჟეთ გერმანული წარმოების მინი საბაგიროები და ვაგრძელებთ ამ ინიციატივას. ჩვენ მივიღეთ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მთელი საქართველოს მასშტაბით და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ასეთ გამოხმაურებას ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ.
რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ მომავალ წელს უკვე ჯავახეთში და, ასევე, ხევსურეთსა და ბარისახოში დავამონტაჟებთ ასეთ საბაგიროებს და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია ასეთი საბაგიროს დამონტაჟება და ეს არ არის ისეთი ძვირი სიამოვნება, როგორიც საერთაშორისო მთის კურორტებზე ერთი საბაგიროს დამონტაჟებაა და რამდენიმე მილიონი ევრო ჯდება. აქ საუბარია 20-25 ათასი ევროს ფარგლებში, სოფელში სათხილამურო ტრასის მოწყობაზე, რაც არის ძალიან დიდი რამ ჩვენი ბავშვებისთვის და ჩვენს ქვეყანაში, სადაც 70% არის მთა, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს, მიუხედავად მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა, ისარგებლონ იმ სიკეთით, რასაც მთა ჰქვია და ჩაერთონ ზამთრის სპორტის სახეობებში იქ, იმ სოფელში, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამიტომ , ვაგრძელებთ ამ პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვანია“- განაცხადა პრემიერმა.