გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს მაღალ შეფასებას აძლევს

20-04-2020

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენცისას განაცხადა.

საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომელსაც ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებენ. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის, მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის იმედი, რაც დადასტურდა კრიზისის პერიოდში მჭიდრო თანამშრომლობით და კონკრეტულ, ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც ექსპერტულ დონეზე, ასევე - ფინანსური კუთხით.

ვიდეოკონფერენციისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ, შესაბამისად, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა და ევროპული სოლიდარობა. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც მკაფიო და შეუქცევადი იქნება.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესს. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თავლსაზრისით მიმდინარე პროცესებზე. ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, მათ შორის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

ვიდეოკონფერენციისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აჩენს. ამ თვალსაზრისით აღინიშნა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა და არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.

საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში, აპრილში იგეგმებოდა, პანდემიის გამო ვერ განხორციელდა და გლობალური გამოწვევის დამარცხების შემდეგ შედგება. ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ, ამჯერად ახალ ამპლუაში ეწვიოს საქართველოს.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.