21-04-2020
ქუთაისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტებს დამატებით ოთხი კლინიკა მიიღებს. ამ ეტაპზე მოქალაქეები ჩხობაძის სახელობის კლინიკაში შეყავთ, რომელსაც ცხელების ცენტრის ფუნქცია აქვს მინიჭებული.
დღეიდან კი პაციენტებს კლინიკა “ბომონდი”, “ჰოსპიტალსერვისი”, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და “მედიქალსითი” მიიღებს.
კონკრეტულად ფეხმძიმეებს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, კლინიკა “ბომონდი” მოემსახურება.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.