21-04-2020
შპს ,,სტადიონის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 27 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „სტადიონსა“ და „Westincor Limited“-ს შორის გაფორმებული იქნა N14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა N27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ახალი საცურაო აუზისა და ყინულის დარბაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის შესახებ.
შპს ,,სტადიონის"დირექტორის ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებისა, Westincor Limited“-მა არც ხელშეკრულებით დადგენილ და არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.
ჯაბა სურმანიძის განცხადებით შექმნილ სიტუაციას შეუძლებელია ჰქონოდა დაუსრულებლად განგრძობადი ხასიათი და 2020 წლის 01 აპრილიდან შპს „სტადიონმა“,,ვესტინკორ ლიმიტედთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად შპს „სტადიონი“-ს მიერ გამოთხოვილი იქნა საავანსო გადახდის ფარგლებში საბანკო გარანტია და დაბრუნებული იქნა ავანსად გაცემული 3 998 000,48 აშშ დოლარი.
შპს „სტადიონი“ სამომავლოდ გეგმავს გამოაცხადოს ტენდერი ახალი საცურაო აუზისა და ყინულის დარბაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის შესახებ, რათა დროულად და სრულფასოვნად აშენდეს აღნიშნული ობიექტები.