გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სააკაშვილის ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

22-04-2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ქ.თბილისში, ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ცეცხლის წაკიდებით დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებულ ბ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 აპრილს, დღის საათებში, ქ. თბილისში, გიორგი სააკაძის მოედანი №10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ.ქ.-მ პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატად, საწვავის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ პირველ სართულს, რამაც გამოიწვია სხვისი ქონების დაზიანება და განადგურება. ბ.ქ.-ს ქმედების შედეგად ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას“ მიადგა ქონებრივი ზიანი.

სამართალდამცველებმა ბ.ქ. 2020 წლის 19 აპრილს დააკავეს. ბ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული ბ.ქ. ქმედების განხორციელებისას იმყოფებოდა განზრახი ძალადობრივი დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის ქვეშ, ასევე, მან დაარღვია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.