16-02-2018
ქართველი ენერგეტიკოსები აფხაზური კომპანია „ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებთან ერთად უახლოეს პერიოდში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების გეგმას წარმოადგენენ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ორი კვირის წინ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა „ჩერნომორენერგოს ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების საკითხი „ენგურჰესის" რემონტის დროს. ენგურჰესის მუშაობა 2019 წლის გაზაფხულზე, დერივაციული გვირაბის რემონტის გამო, სამნახევარი თვით შეწყდება
„რამდენიმე დღის წინ, როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ აფხაზეთის მიერ მოხმარების შემცირებისა და გადაწყვეტის საკითხები. უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ხედვა, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაჭრა და მოხმარების შემცირება", — განაცხადა მიქაუტაძემ თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონგრესის "ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" ფარგლებში.
„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. „ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.