გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე: ის, რომ დღეს არ გვყავს ათეულობით და ასეულობით გარდაცვლილი ადამიანი, სწორ დროს და სწორად მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეზღუდვების შედეგია

23-04-2020

„შეზღუდვები ცალსახად აღებული არაფერს ნიშნავს, რადგან ის შეიძლება დააწესო ისეთ დროს, რომ შედეგი არ მოგცეს. ამიტომ სწორ დროს უნდა დააწესო, მოვლენებს უნდა დაასწრო. დღეს თუ შეზღუდვას აწესებ, რაღაც ნაბიჯებს დგამ და სწრაფ გადაწყვეტილებას იღებ, ეს 5-10 დღის და 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შედეგიანია და დრო რამდენად სწორად იყო შერჩეული. ამაშია ამ გამოწვევის ხიბლიც და მეორე მხრივ რისკიც“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „ იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ხელისუფლებამ იმოქმედა სწორად და სწორ დროს გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში covid19-ით დაინფიცირებულთა მზარდი დინამიკა არ არის. მისი მოსაზრებით, ოპონენტების მხრიდან დასმული საკითხი, რომ ანტიკრიზისული გეგმის უქონლობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაგრძელდეს, არის მავნებლური რიტორიკა.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმა შემუშავებულია და ორ დღეში გახდება ცნობილი, „მაგრამ კიდეც რომ არ გვქონდეს და მის შედგენას ერთი თვის თავზე ვაპირებდეთ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ასე პირდაპირ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებული არ არის. აქ საუბარია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ნიშნავს ყველა შეზღუდვის ერთ დღეში, ერთ კონკრეტულ დროს მოხსნას და ისევ ახალი ეპიდემიური აფეთქების უდიდესი რისკის წარმოქმნას. საგანგებო მდგომარეობა იმაშიც გვეხმარება, რომ ამ სიტუაციიდან და ამ შეზღუდვებიდან გამოსვლის, ეკონომიკის გახსნის ნაბიჯები სწორად დაალაგო“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა იძლევა საშუალებას, დეკრეტით და კონკრეტული დადგენილებებით 1-2 დღეში გაიწეროს ის რეგულაციები, რისთვისაც შეიძლება პარლამენტს 2 კვირა დასჭირდეს.

„აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა დაწესებული და შემდგომ აღასრულა ოპერატიულმა შტაბმა, პირდაპირაა დაკავშირებული მობილობის შემცირებასთან. მოქალაქისთვის დისკომფორტის შექმნა არავის უნდა და არც არავის აწყობს. მისი ერთადერთი მიზანი არის სწორედ მობილობის შემცირება. კიდევ ცოტა, 4 დღე უნდა მოვითმინოთ და გავიჭირვოთ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. მისი განმარტებით ის, რომ დღეს არ გვყავს ათეულობით და ასეულობით გარდაცვლილი ადამიანი, სწორედ სწორ დროს და სწორად მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეზღუდვების შედეგია.​