გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

23-04-2020

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმები მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

„თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში, ამისათვის ისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთხვევაში ეს არის 15 000 ლარი და ამის შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს ზომები, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა და ერთი ახალი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისათვის, რომ განჭვრეტადი არ იყო ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის, დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული რეგულაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსში პირველად შემოვიდა.

“თქვენ იცით, რომ ასევე არის იქ მითითება სანქციასთან დაკავშირებით, რომ თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“,- განმარტა მამუკა მდინარაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკრეტში ჯარიმების საკითხის გათვალისწინებას პრევენციული მიზანი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, რაიმე სახის ამინისტიაზე, ან შეღავათებზე საუბარი არ არის.

„ყველა მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ის არღვევს დეკრეტით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, ის ქმნილ მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის და ამიტომ, ჯარიმაც და ჩვენს მიერ შექმნილი ახალი ნორმაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის პრევენციას, რომ რისკები იქნას მინიმუმამდე დაყვანილი.

ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მომავალშიც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, ამ შემთხვევაშიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული ნორმა იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვისაც კი, თუ დეკრეტით ასეთი რამ არ იქნება გათვალისწინებული, ხოლო თუ დეკრეტით იქნება კონკრეტული სანქცია კონკრეტული ქმედებისათვის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში უკვე მითითება არის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე პრიმა მუხლში, ამ დეკრეტთან დაკავშირებით, რომ იმოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სანქციები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​