24-04-2020
ბათუმის „მედალფა“ 78 წლის ქალმა დატოვა. პაციენტი 2 კვირით თვითიზოლაციის წესებს დაიცავს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 37 ინფიცირებული რჩება.
მათგან ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დანარჩენ პაციენტებს სხვადასხვა სიმძიმის პნევმონია აღენიშებათ. ინფიცირებულთა უმრავლესობა ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება. ბოლო ინფორმაციით, აჭარაში საკარანტინე სივრცეში 1500-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსი 425 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
კარანტინის რეჟიმში - 5126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578, - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.