გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია თვითდასაქმებულების 6 თვიან დახმარებაზე: ეს არის იმ აუცილებლობის მინიმუმი, რომელიც დღეს ქვეყანას შეუძლია

24-04-2020

„თვითდასაქმებულები, არაფორმალურად დასაქმებულების აღრიცხვიანობა, რა თქმა უნდა, პრობლემაა. მიუხედავად იმისა, თუ რამხელა ხელფასი აქვს დასაქმებულს, გადასახადებს ყველა უნდა იხდიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ახლა კრიზისულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, ომში ვიმყოფებით და ამიტომ ჩვენ ამ პრინციპით ადამიანებს არ გავარჩევთ. არ იქნება მარტივი. სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლითაც არაფორმალურად დასაქმებული უმარტივესი გზით, როგორც კი შეძლებს, დაადასტუროს რაიმე სახით შემოსავალი, ეს შეიძლება იყოს მაგალითად დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის, იმ ბაზრობის ადმინისტრაციის ელემენტარული წერილი სადაც ის შრომობდა, მძღოლისთვისაც მსგავსი, რაიმე სახის საბანკო ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, იქნება საკმარისი, რომ სოციალური დახმარება გავცეთ; რადგან პანდემია გლობალური გამოწვევაა და ქვეყანაში სოციალურად მძიმე ფონი შექმნა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვისაც, ამიტომ ასეთი ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და შესაბამისი დახმარება გასცეს,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თვითდასაქმებულებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დახმარების ხასიათი იყოს მდგრადი და არა პოპულისტური.

„კომპანიებს რაც შეეხება, დეკლარაციის ჩაბარების დროს, მაგ. 15 მაისს, იქ გამოჩნდება წინა დეკლარაციასთან შედარებით კომპანიამ ადამიანი შეინარჩუნა, თუ არა, გაუშვა უხელფასო შვებულებაში, თუ არა. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ეს დახმარება შეეხება ადამიანებს, რომლებიც კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუსვა. ჩვენ გვესმის, რომ ფორმალური დასაქმების და ახალი სამუშაო ადგილების ნაწილში არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე, ამიტომ ჩვენ დახმარების ხასიათიც არის 6 თვიანი და ვცდილობთ, მდგრადი ხასიათი მივცეთ. შეგვეძლო პოპულისტურად გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ ვეხმარებით ერთჯერადად ამდენით, არა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება იყოს მდგრადი, ესაა საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის იმ აუცილებლის მინიმუმი, რომელიც დღეს ქვეყანას შეუძლია და გავითვალისწინოთ ყველამ, რომ მთავრობის და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ეს მწირი რესურსი რომელიც ჩვენ დავაგროვეთ, რომ სოციალური დახმარებების სახით გავცეთ პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად და სამართლიანად. ესაა ჩვენი მიდგომა და ვეცადეთ, მაქსიმალურად სოციალურად მგრძნობიარე ყველა ფენა მოგვეცვა, რასაც დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.