25-04-2020
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათთან კლინიკაში გუშინ ორი პაციენტი შეიყვანეს, რომლებმაც თვითიზოლაციის პერიოდში კორონავირუსის მწვავე ფაზა უკვე გადაიტანეს და ახლა ორგანიზმში მიდის ანტისხეულების გამომუშავების ფაზა.
ნადირაძის თქმით, ორივე პაციენტის თერჯოლის, სოფელ ღვანკითის კლასტერს მიეკუთვნება. ამასთან დასძინა, რომ ამ პაციენტებს PCR ტესტზე პასუხი უარყოფითი ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ მოხდა სისხლის აღება, სადაც გამოჩნდა, რომ ორგანიზმში ვირუსის პროცესი მიდის ან სრულდება.
„არ არის ტესტი დადებითი, მაგრამ სეროლოგიური ანალიზით მტკიცდება, რომ წინა პერიოდში უფრო მწვავე იყო და ახლა მიდის ანტისხეულების გამომუშავების ფაზა. ანუ ამ პაციენტებს ნაცხი PCR-ზე უარყოფითი ჰქონდათ, რომელიც გაუკეთდათ თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ შემდეგ მოხდა სისხლის აღება ანტისხეულებზე, სადაც ჩანს, რომ P-ის და G-ს შეფარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან პროცესი მიდის ან სრულდება და ხდება ანტისხეულების გამომუშავება. ეს პაციენტები მიეკუთვნებიან თერჯოლის, სოფელ ღვანკითის კლასტერს. მათ მწვავე პერიოდი გადატანილი აქვთ, მათთან ვირუსი მიდიოდა უსიმპტომოდ და ამდენად არ გახდა სტაციონარამდე მოყვანის აუცილებლობა. პროცესი მიდის გამოჯანმრთელებისკენ, სხეულში ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომელიც ორგანიზმში იმუნიტეტს ქმნის“, – განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ბოლო მონაცემებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობა, ამასთან დღეს გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ჯამში კლინიკაში გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი.