გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქართული საზოგადოების მიმართვა უკრაინელ ხალხს, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს

25-04-2020


შეუძლებელია, უკრაინაში სააკაშვილის ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა, კვლავაც მხოლოდ უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიოთ - ეს ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მეტიც, ჩვენი სუვერენიტეტის ღია და დაუფარავი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ უკრაინელი ხალხის, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებისადმი ქართული საზოგადოების მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც რეჟისორ ბუბა ხოტივარის, პოეტ კობა არაბულის, მწერლისა და მთარგმნელის ლერი ალიმონაკისა და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ არის ინიცირებული.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ქართველი და უკრაინელი ერების დაახლოება ქარტეხილიანი ისტორიის მანძილზე განვლილმა არაერთმა განსაცდელმა განაპირობა, თუმცა სახელოვანი წინაპრების გარდა ორ ქვეყანას აკავშირებს ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ჯერ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი ხანგრძლივმა სასამართლო პროცესებმა ორჯერ დაადასტურეს მისი ბრალეულობა უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში. imedinews-ი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„სულ ცოტა ხნის წინ, კიევსა და თბილისში მასშტაბურად აღინიშნა საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავი. ცხადია, განვლილი ერთი საუკუნე მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძალიან მჭიდრო და მოსიყვარულე ურთიერთობისა, რაც ქართველ და უკრაინელ ხალხს აკავშირებს ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ერების დაახლოება არაერთმა მსგავსმა განსაცდელმაც განაპირობა, რაც ქარტეხილიანი ისტორიის მანძილზე შეგვახვედრა განგებამ. ზედმეტია იმის აღნიშნვა, თუ რამხელა სიახლოვე აქვთ ერთმანეთთან დავით გურამიშვილისა და ლესია უკრაინკას ქვეყნებს.

სახელოვანი წინაპრების გარდა ჩვენს ქვეყნებს, სამწუხაროდ, აკავშირებს ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ჯერ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდეგ კი ხანგრძლივმა სასამართლო პროცესებმა ორჯერ დაადასტურეს მისი ბრალეულობა უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში. ცრუ და მოძალადე პერსონა, რომელიც მთლიანად დისკრედიტირებულია არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ უკრაინელთა დიდი ნაწილის თვალშიც, რომლებმაც მისი ნამდვილი წარსულიც გაარკვიეს და ადგილზეც იხილეს მისი ზღვარსგადასული პოპულიზმი, წარმოადგენს სირცხვილს ორივე ქვეყნისთვის.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ თავის დროზე, როდესაც სააკაშვილი ოდესის მხარის გუბერნატორად დაინიშნა, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება იყო, მისი დანიშვნა უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიეთ, რადგან იმ პერიოდში სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებული იყო და არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მისი დამნაშავეობის შესახებ. მაგრამ ახლა, როდესაც მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი, როდესაც იგი ოფიციალურად არის ცნობილი დამნაშავედ სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ, მათ შორის, მსჯავრდებულია ოპოზიციონერი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის მიმართ უშიშროების ძალების მონაწილეობით მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზებისთვის, რომელიც 2005 წელს, პრეზიდენტობის რანგში ჩაიდინა სააკაშვილმა და რა დროსაც გელაშვილმა მიიღო უმძიმესი დაზიანებები, შემთხვევით გადაურჩა რა სიკვდილს.

ამავდროულად, მას კვლავაც აქვს წარდგენილი ბრალდებები სხვა, არანაკლებ მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის, მის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები უმძიმესი კორუფციული ბრალდებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მლნ-ზე მეტი სახსრების მითვისების გამო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეუძლებელია, უკრაინაში სააკაშვილის ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა, კვლავაც მხოლოდ უკრაინის შიდა საქმედ მივიჩნიოთ - ეს ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მეტიც, ჩვენი სუვერენიტეტის ღია და დაუფარავი შეურაცხყოფაა.

გვსურს მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ელექტორალურმა ბანკროტმა და მარგინალმა სააკაშვილმა, გარდაუავალი კრახის შიშით, როგორც მხდალ ადამიანს სჩვევია, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა 0,4 პროცენტიანი განაჩენი მას მაინც გამოუტანა.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენს პარტიას “ხალხის მსახური” ჰქვია და ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ ჰკადრებთ უკრაინელ და ქართველ ხალხს ვიცე-პრემიერად იმ ადამიანს, ვინც ამ ხალხმა არც იმსახურა და არც დაიმსახურა.

მოგმართავთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და სრულად უკრაინის ხელისუფლებას, გაითვალისწინეთ ქართული საზოგადოების აღშფოთება და არ დაუშვათ სახელმწიფოს მაღალ თანამდებობაზე კრიმინალი და მოძალადე პირის დანიშვნა, რომელიც გასამართლებულია და იძებნება ქართული სახელმწიფოს მიერ. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება მის დანიშვნას და გამოვთქვამთ იმედს, რომ მათი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

ამასთანავე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და დიპლომატიური არხი და დაიცვას ქართული სახელმწიფოს ღირსება. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში საღი აზრი გაიმარჯვებს და კრიმინალი სააკაშვილის მთავრობის წევრად დანიშვნის ყოვლად მიუღებელი ინიციატივა მკვდრადშობილი აღმოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე მეგობრად მიჩნეულ ქვეყანასთან“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ბუბა ხოტივარი, კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ზაზა შათირიშვილი, გია გაბრიჭიძე, მამია ვაშაკიძე, ოთარ ტურაბელიძე, სპარტაკ ქობულია, გურამ გოგიაშვილი, ალეკო ასლანიშვილი და სხვები აწერენ.

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/138866/qartuli-sazogadoebis-mimartva-ukrainel-khalkhs-saqartvelos-da-ukrainis-khelisuplebebs