16-11-2017
დღეს, 16 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანს, აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. ვიზიტი ართვინის გუბერნიაში ოფიციალური დახვედრით დაიწყო, რის შემდეგაც აჭარის დელეგაციას ართვინის გუბერნატორმა ომერ დოღონაიმ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურისტულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპებზე, რეგიონში მზარდ თურქული ინვესტიციებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, გაზრდილია ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებლები.
,,აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დასაფასებელია თურქეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება სექტემბრის თვეში შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორი სასაზღვრო რეგიონის აქტიურ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს განახლებული „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაც, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი“ -აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ და ართვინის გუბერნატორთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება 25 სექტემბერს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან მიმართებით მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა. როგორც ართვინის გუბერბატორმა განაცხადა, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც ინციდენტის მონაწილე თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან, ხოლო ნაწილი სხვა ლოკაციაზეა გადაიყვანილი.
მისასალმებელ და მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რომლის ფარგლებში, 2015 წლიდან ართვინის გუბერნიის, მურღულის რაიონის საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი კლასი მოქმედებს. შეხვედრაზე ართვინისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება ხოფისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებში, რიზეს უნივერსიტეტსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოში.