გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი სანაიას მკვლელობის ახალი დეტალები - „ის შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“

19-02-2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარ კონსტანტინე ციხისთავის მონათხრობს ავრცელებს. ციხისთავის განცხადებით, გიორგი სანაია ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის ციხისთაცი კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილსაც ასახელებს. კონსტანტინე ციხისთავი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია.

გიორგი სანაიას მკვლელობისთვის სასჯელი გრიგოლ ხურცილავამ, იგივე „გრიცკომ“ მოიხადა. „ეგ „გრიცკო“, ვინც აიღო თავის თავზე, ჩვეულებრივი საქმეების მომცემი იყო. საკუთრების დაცვის სამმართველოში მუშაობდა და პანკისის ბანდას იქიდან გვაწვდიდა უცხოელების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას. ეს ადვილი გადასამოწმებელია იმით, რომ მაშინაც მორიგე იყო, როცა ის ორი ესპანელი გავიტაცეთ. მაგან აიღო თავის თავზე. ვალი ჰქონდა გადასახდელი. სინამდვილეში ჭიჭიაშვილმა მოკლა სანაია. ბაკურაძე, თამაზაშვილი - ყველაფერი მაგათგან მოდიოდა. პროდასავლური ხელისუფლების და მათი მომხრეების, ყველას მოშორება უნდოდათ“, - ამბობს კონსტანტინე ციხისთავი.

ციხისთავი ირწმუნება, რომ მაშინდელმა მთავრობამ ჟურნალისტის მკვლელობის მოტივი გააყალბა. „ის რაც კასეტაზე იყო, წინასწარ გადაგვაღებინეს, ეგეც მაღალჩინოსნების დავალებით. ჟურნალისტის მკვლელობის მოტივი რომ ყოფილიყო, თითქოს პანკისის შესახებ კასეტა ჩაუვარდა ხელში და მოკლეს“, - აცხადებს ციხისთავი.

კონსტანტინე ციხისთავის მიერ „P.S.“-სთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ მისი ძმის მკვლელობის საქმეზე გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს.

ჟურნალისტი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. გამოძიებამ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა და პასუხისგებაში გრიგოლ ხურცილავა მისცა. 2003 წლის 9 ივლისს, სასამართლომ ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხურცილავას ამნისტია შეეხო და ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა.

რაც შეეხება შოთა ჭიჭიაშვილს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, 28 წლის შოთა ჭიჭიაშვილზე ეროვნული მასშტაბით ძებნა 1997 წლიდან იყო გამოცხადებული, 2000 წლიდან კი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ დროისათვის მას უკვე ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი. გამოძიების მტკიცებით, სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება.

ჭიჭიაშვილი 2003 წელს მოსკოვში დააკავეს და მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა. 2005 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჭიჭიაშვილი დამნაშავედ ცნო ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს გატაცების ფაქტია. სასამართლომ ჭიჭიაშვილს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. ჭიჭიაშვილი პატიმრობაში 8 წელი და რამდენიმე თვე იმყოფებოდა. 2013 წელს ის ამნისტიის საფუძველზე და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

reginfo.ge