19-02-2018
გორში შიდა ქართლის სოფლებში მცხოვრები ფერმერებისთვის ვორკშოპი, სახელწოდებით „დაიმუხტე წრმატებით - ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება“ გაიმართა.
ვორკშოპის ფარგლებში ფერმერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს წარმატებულმა ევროპელმა და ქართველმა ფერმერებმა. სპიკერები ფერმერებს ესაუბრნენ აგროპროდუქციის წარმოების სპეციფიკაზე, გამოწვევებზე, რომელსაც წარმოების პროცესში აწყდებიან, პროდუქტის შეფუთვასა და მარკეტინგზე, პროდუქტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე , ევროპულ ბაზარზე მოხვედრისთვის საჭირო სტანდარტიზაციაზე და იმ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელია წარმატებული ფერმერული საქმიანობის დაწყებისთვის.
რეგიონში მეცხოველეობის განვითარებასა და საქართველოში ყველის წარმოების სპეციფიკაზე ისაუბრა შვეიცარიელმა ფერმერმა ფრენსის ბელსერმა, რომელსაც საქართველოში შვეიცარიულ ყველას „ალპური ოქრო“ აწარმოებს.
შიდა ქართლში მეღვინეობის პოტენციალზე ისაუბრა გერმანელმა მეღვინემ ჰილარიუს ჰუტცმა, რომელიც კახეთში ქვევრის ღვინოს აწარმოებს.
ადგილობრივმა ფერმერებმა მიხეილ ედილაშვილმა და იოსებ ხუროშვილმა კი ვორკშოპის მონაწილე ფერმერებს მეხილეობასა და მეფუტკრეობაზე გაუზიარეს საჭირო ინფორმაცია.
ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ფერმერთ ციფრულ კალენდარზე, სამეურნეო დახმარებასა და ინტერნეტ-მაღაზიაზე ონლაინ აპლიკაცია „ტრაქტორის“ წარმომადგენლის, ნატალია ოქრიაშვილის მიერ.
ვორკშოპის ფარგლებში მოხდა ჰილარიუს პუტცის წარმოებული ქვევრის ღვინისა და შვეიცარიელი ფრენსის ბელსერის შვეიცარიული ყველის დეგუსტაცია.
ვორკშოპის მონაწილე ფერმერთა თქმით, გამოცდილ, წარმატებულ ფერმერებთან კომუნიკაცია და მათი რჩევა-რეკომენდაციების მოსმენა საშუალებას აძლევს, მომავალში თვიანთ საქმიანობაში სიახლეები დანერგონ და იზრუნონ ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ვორკშოპი, სახელწოდებით „დაიმუხტე წარმატებით - ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება“ გორში ორგანიზაცია „ჟურნალისტები ევროპული ინტეგრაციისთვის“ ორგანიზებითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა.
მომდევნო ვორკშოპები გაიმართება მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ახალქალაში.