30-04-2020
გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროსი მედდის ოჯახისწევრებს კორონავირუსი დაუდგინდათ.
შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ მიზნით ლაბორატორიული კვლევა რვა ნიმუშს ჩაუტარდა, მათგან 3 კორონავირუსზე დადებითია. სამივე პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უმცროსი მედდის ოჯახისწევრები არიან. ამასთან, ორი მცირეწლოვანია. მიმდინარეობს ახალი ინფიცირებულიკონტაქტების გამოვლენა და შესწავლა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში საპოლიციო კონტროლი დაწესდა და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა სოფელი.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას COVID-19 გუშინ დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალგაზრდა ქალის კონტაქტები უკვე გამოავლინეს და შეისწავლეს თერგვისსა და კარალეთში.
კოვიდინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს, არსებული ინფორმაციით ის ასევე ძმის ოჯახში სოფელ კარალეთშიც იმყოფებოდა. ამჟამად ის ჰოსპიტალშია გადაყვანილი სამკურნალოდ. მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ. ტესტირება ჩაუტარდათ მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფებს და ლუგარის ლაბორატორიაში სულ 8 ნიმუში გაიგზავნა. მათ პასუხებს დღეს ელოდებიან და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა ზომები გატარდება.
საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.