გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირინა ფრიზი მიხეილ სააკაშვილზე: ბულდოზერის მსგავსი შემტევი პოზიციის უკან საბოლოოდ სიცარიელეა

30-04-2020

„ეს არის პირი, რომელიც თავისი ეგოსა და ამბიციების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს ეძებს, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაუმტკიცოს, რომ რაღაც ფასი აქვს, სინამდვილეში კი ბულდოზერის მსგავსი შემტევი პოზიციის უკან, საბოლოოდ, სიცარიელეა“ - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა ირინა ფრიზმა POSTV- ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ კითხვაზე - სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსია თუ ქართველი და რამდენად თავსებადია ეს?

მისი თქმით, სააკაშვილმა გადაწყვიტა შეტევაზე გადასულიყო, როცა მიხვდა, რომ მისი დანიშვნის საკითხი ჰაერში იყო გამოკიდებული.

„მე უკვე მქონდა შესაძლებლობა ბატონი სააკაშვილის პიარშესაძლებლობებს გავცნობოდი. მან გადაწყვიტა შეტევაზე გადასულიყო, როცა მიხვდა, რომ მისი დანიშვნის საკითხი, პრინციპში, ჰაერში იყო გამოკიდებული. მან ეს საკითხი გახსნა და გადაწყვიტა საჯაროდ გამოეტანა, როგორც ეს სჩვევია ხოლმე. სამწუხაროდ, საჯაროობის გამოყენებით მისი გატანა ვერ შეძლო, რითაც ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა იმ შესაძლო შეთანხმებას, რომლის მიღწევაც ზელენსკის ოფისს შესაძლებელია კულუარულად მოეხერხებინა. ამჟამად ყველაზე ფერმკრთალი სწორედ ბატონი სააკაშვილი ჩანს. ისე გამოვიდა, რომ ის წარადგინეს, შემდეგ კი მიატოვეს - განაცხადა ირინა ფრიზმა.

შეკითხვაზე, გაუფუჭდა თუ არა სააკაშვილს ზელენსკისთან და მმართველ პარტიასთან ურთიერთობები, ირინა ფრიზი პასუხობს - „ჩემი აზრით, როგორც ფიცხი ხასიათის ადამიანი, სააკაშვილი მისი ფიგურის ამგვარად გამოყენებას არ პატიობს და ალბათ არც ამ შემთხვევაში აპატიებს, შესაძლოა, თვითონ ზელენსკის არა, მაგრამ მას, ვინც ხსენებულ თანამდებობაზე მისი დასახელება ჩაშალა, ნამდვილად არ აპატიებს და, ეჭვი არ არის, სამაგიეროს გადახდას შეეცდება“.

იმას, რომ ხმების უმრავლესობა სააკაშვილს ზელენსკის ფრაქციაშიც კი არ მიუღია, რადას დეპუტატი შემდეგით ხსნის:

„ეს ინფორმაცია მათ ზემოდან მიიღეს და ის მათთვის საკმაოდ გაუგებარი და ძნელად ასახსნელი იყო. ამას გარდა, მონოუმრავლესობა, რომელიც ჩვენთან გვყავს, მთლიანად ფრაგმენტირებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გავლენის ცალკეულ ჯგუფებად დაიყო და ეს ჯგუფები პარლამენტის დონეზე ამა თუ იმ ხერხით კარნახობენ, მათ შორის ბატონ ზელენსკისაც, ან თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრაციას ახდენენ“ - აცხადებს ირინა ფრიზი.