გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის მერმა კარანტინის 40 დღე შეაჯამა

1-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა კარანტინის 40 დღე შეაჯამა.

შემაჯამებელ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 40 დღეა საკარანტინო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსურს ჩვენს მოქალაქეებს ამ პერიოდში გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და საკარანტინო წესების დაცვისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, კორონავირუსი 107 მოქლაქეს დაუდგინდა. აქედან ექვსი გამოჯანმრთელდა ორი კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 275 ადამიანი, კარანტინში კი 99.

კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ჩაკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი და ვანათი. ამ ტერიტორიების საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხორციელდება. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ სურსათის მარაგის კონტროლს და რაიმე დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში, ცენტრალურ მთავრობასთან კორდინაციული თანამშრომლობის შედეგად, ამ პრობლემის მოგვარება ხდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი. ამ პროცესში მოხალისეებთან ერთად პირადად მე, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ჩავერთეთ. ამ დროის მონაცემებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება 32 476-მა ადამიანმა გაიარა.

ბოლნისში აქტიურად მუშაობს ცხელების ცენტრი, რომელშიც ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრში ექიმები პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევას ადგილზე უტარებენ. ჩვენს მედიკოსებს განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნით. რომ არა ისინი დღეს მუნიციპალიტეტში სტაბილური და მართვადი ეპიდსიტუაცია არ გვექნებოდა. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მაკა მამარდაშვილსა და მის თანამშრომლებს, რომლებიც გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში აწარმოებენ. ამ ადამიანების პროფესიონალიზმი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საკარანტინო მდგომარეობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეების დახმარება, ეს მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სოციალურად დაუცველი ოჯახების, შშმ პირების, პენსიონერებსა და შეჭირვებული მოქალაქეების სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ამ ეტაპისთვის მერიის მიერ შეძენილი და კერძო პირების მიერ შემოწირული სასურსათო პაკეტების რაოდენობამ 10 327 შეადგინა. აღნიშნული აქცია კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ყველას დროულად დაეხმარება.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები პროდუქტები დავურიგეთ.

აქვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ბოლნისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. 11 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა, საკუთარი სახსრებით მოწყვლადი კატეგორიის 65 ბავშვს ინტერნეტის საფასური გადაუხადა, რათა მათ ერთი თვის განმავლობაში შეუფერხებლად შეძლონ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს განვითარების პროცესში დიდი როლი შეაქვთ და მათ მიერ საქველმოქმედო აქციაში ჩართვამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მადლობა თანადგომისთვის.

საკარანტინი მდგომარეობის დროს აქტიურად გვეხმარება ბიზნესექტორიც. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო არაერთი მცირე მეწარმე და კომპანია, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სასურსათო პაკეტები გადმოგვცეს. განსაკუთრებით დიდი მადლობა მსურს გადავუხადო კომპანია „არემჯის“. კომპანიის წარმომადგენლებმა, დაბა კაზრეთში, სოფელ ბალიჭში, ბერთაკარში, სენებსა და ტანძიაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 110-ლარიანი სასურსათო კალათები დაურიგეს. აღსანიშნავია, რომ „ამერჯიმ“ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის #StopCoV ფონდში 1.000.000 ლარი ჩარიცხა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს მოხმარდება. პანდემიის დროს, ასეთი დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის 7 ტონა კარტოფილი გადმოგვცა შპს „მზიანმა მოსავალმა“, რომელიც სოფლ სავანეთში ოპერირებს. კომპანია კარტოფილით ამარაგებს შპს „Wellington”-ს, რომელიც ქართულ ჩიფსს „FRIXX”-ს აწარმოებს. საქველმოქმედო აქციაში უკვე მეორედ ჩაერთო კომპანია GU Fruit, რომელმაც მოქალაქეებს 450კგ ვაშლი დაურიგა. ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები და მეწარმეები საბედნიეროდ მრავლად არიან, ისინი ყოველდღიურად გვეხმარებიან და მოწყვლადი კატეგორიის პირებს თანადგომას უცხადებენ. დიდ მადლობას გიხდით ქველმოქმედებისთვის.

ჩვენი მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერების ხელშეწყობა, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაამუშაონ. ამ მიმართულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ფერმერებს აქტიურად ეხმარება და სამუშაოების განხორციელების პროცესში გვერდში უდგას.

საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობას პირადად მე დიდ ყურადღებას ვაქცევ. ფერმერებისთვის გაიცემა გადაადგილებისთვის განკუთვნილი საშვები. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ყველა წესის დაცვით განხორციელებას მერია აქტიურად კურირებს.

ეტაპობრივად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იმ მოქალაქეების გაყვანა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულები არიან და კარანტინის გამოცხადებისას აქ მოუწიათ ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვენებ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 330 პირმა უკვე დატოვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით და მათ ნებისმიერ პრობლემაზე სხვადასხვა სამსახური დროულ რეაგირებას ახდენს. საგანგებო შტაბის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი მუშაობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო.

მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე დაიწყო იმ პირების ბაზის შექმნა, ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობის გამო გაუარსედა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას კორონავირსუსის სიმპტომების, მისგან თავის დაცვისა და საკარანტინო წესების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ორ ენაზე აზერბაიჯანულად და სომხურად ხდება.

ცენტრალური მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რათა კორონავირუსს ეფექტურად გავუმკლავდეთ და ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ. ამ პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ სამართალდამცველებს, ჩვენს ჯარისკაცებსა და მოხალისეებს, ამიტომ მათ განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი მედიასაშუალებების როლიც, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მოქალაქეებს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ, ეს კი გვეხმარება შევინარჩუნოთ სტაბილური და მშვიდი სიტუაცია, როგორც მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად სახელმწიფოში.

ყველას მოგიწოდებთ დაიცვათ საკარანტინო მდგომარეობით განსაზღვრული წესები, რეკომენდაციები და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას. ჩვენ, ყველანი ერთად, კორონავირუსის პამდემიის შედეგად წამოჭრილ გამოწვევებს აუცილებლად წარმატებით გავუმკლავდებით!"-განაცხადა მერმა.