4-05-2020
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. იგი წყალტუბოს კლასტერს განეკუთვნებოდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს უკვე 25 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. COVID-19-ის დიაგნოზით სტაციონარში 11 პაციენტი რჩება.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ახალი საკვლევი პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.