გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

Exclusive: 7-8 გასროლა განხორციელდა ჩვენი მიმართულებით – რას ყვება მღვდელი, რომელსაც ყინწვისში ცეცხლი გაუხსნეს

5-05-2020

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა საქმის მასალები, რომელიც ყინწვისში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს ასახავს.

 

ჩვენთვის ცნობილი გახდა დაზარალებული მღვდელმსახურის, მამა საბა ჟღენტის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა და ამ სკანდალური საქმის მთავარი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზნების ფოტოები.

რას წერს ჩვენებაში მონანული ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი საბა ჟღენტი, რომელსაც 20 აპრილს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახური, მეუფე იობის შვილობილი დავით აქიაშვილი (ერისკაცობაში – კობა კობაიძე).

 

გამოძიების ინფორმაციით, მან 20 აპრილს გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა დიდხნიანი კონფლიქტი, მათ შორის მონასტრის ქონებასთან დაკავშირებით.

 

დაზარალებული მღვდელმსახური, საბა ჟღენტი საკუთარ ჩვენებაში ირწმუნება, რომ არ დაუნახავს, ვინ ისროლა მისი მიმართულებით. მან ასევე უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე.

 

გთავაზობთ ამონარიდს საბა ჟღენტის ჩვენებიდან:

 

„… გაისმა დიდი, სავარაუდოდ იარაღიდან სროლის ხმები.

 

მე მაშინვე მივხვდი, რომ გვესროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან. 

 

აღნიშნული სროლა ხორციელდებოდა ჩვენგან მარჯვენა მხრიდან. კონკრეტულად, თუ საიდან ვერ დავინახე. 

 

ასევე ვერ დავინახე, ვინმე პირი, ვინც ჩვენ გვესროდა. სროლაზე მე ავტომანქანა არ გამიჩერებია და სწრაფი სვლით გავიარე გზაზე. 

 

სროლის ადგილს გავცდით დაახლოებით 150-200 მეტრით, რა დროსაც მანქანაზე დაგვეშვა საბურავი.

 

მე მანქანა გავაჩერე, ყველა გადმოვედით მანქანიდან და შევცვალეთ საბურავი, ხოლო დაზიანებული საბურავი ჩავდეთ ავტომანქანაში. 

 

აღნიშნული სროლის დროს დაზიანდა ავტომანქანა, კერძოდ მინები.

 

დაზიანდა წინა საქარე მინა ორ ადგილას. ასევე დაზიანებული იყო წინა მარჯვენა მინა, ერთ ადგილას იყო გახვრეტილი.

 

ხოლო წინა მარცხენა მინა, ჩემს მხარეს სრულად დაიმსხვრა. 

 

ასევე ავტომანქანას უკან ჰქონდა ორი ტყვია მოხვედრილი.

 

ჩვენ, სროლის შედეგად არავის არავითრი დაზინება არ მიგვიღია და მე პირადად სამედიცინო ექსპერტიზას არ ვსაჭიროებ. 

 

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ მე პიროვნება, რომელმაც ისროლა ჩვენი ავტომანქანის მიმართულებით, არ დამინახავს. 

 

ამის შემდეგ, ჩვენგან ერთ-ერთმა დაურეკა მამა ეფრემს, რომელსაც სთხოვა, რომ მოსულიყო ჩვენთან.

 

წავეყვანეთ თავისი ავტომანქანით, ვინაიდან მისი ავტომანქანით გადაადგილება იქნებოდა უფრო უსაფრთხო.

 

ცოტა ხანში მოვიდა მამა ეფრემი თავისი ავტომანქანით და ჩვენ ყველა წამოვედით. 

 

ჩემი ავტომანქანა დავტოვე იქვე, სადაც გავჩერდით, ვინაიდან მისით გადაადგილება უკვე აღარ შეიძლებოდა. 

 

მოგახსენებთ, რომ როგორც მე მივხდი გასროლა შესაძლებელია ყოფილიყო ავტომატიდან, თუმცა სროლა იყო ერთჯერადი სახის. 

 

სააახლოებით 7-8 გასროლა განხორციელდა ჩვენი მიმართულებით. 

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, დაზიანება არავის მიგვიღია, შესაბამისად სამედიცინო ექსპერტიზაზე უარს ვაცხადებ“. 

 

მამა საბა ჟღენტის ჩვენებით ირკვევა, რომ ავტომობილში სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

 

„პრაიმტაიმისთვის“ ასევე ცნობილი გახდა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა.

ექსპერტიზა ჩაუტარდა, როგორც მღვდელმსახურების სარგებლობაში მყოფ ავტომობილებს, ისე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ტყვიის მასრებს.

 

ამ დასკვნით ირკვევა, რომ ტყვიის მასრაზე ანაბეჭდები საერთოდ არ იკითხება, მათ შორის არ გამოვლენილა ბრალდებული სასულიერო პირის, დავით აქიაშვილის, იგივე კობა კობაიძის ხელის კვალი.

პრაიმტაიმი