6-05-2020
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლებამ თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისასვლელი გზები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ჩაკეტა. საუბარია თერჯოლაში გოგნის სალოცავსა და სამტრედიაში ზანდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე.
როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მოწყობილია საკონტროლო პუნქტები, მომლოცველებს ტაძრამდე მისვლა ფეხით შეუძლიათ.
„პირველ რიგში, ვულოცავ მთელ საქართველოს გიორგობას, იმერეთში ორი ლოკაციაა, სადაც გამორჩეული ხალხმრავლობა იყო წინა წლებში და ყოველთვის ასე იყო, ტრადიციულად - თერჯოლასა და სამტრედიაში. ჩვენ გავამკაცრეთ სამანქანო გადაადგილება, აკრძალულია ავტომანქანით ასვლა და მომლოცველებს შეუძლიათ, ფეხით ავიდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე დღეს, დღის განმავლობაში.
პოლიციის ფუნქციაა ადგილზე, სადაც მოწყობილია ახლა საგუშაოები, მოხდეს ხალხის რაოდენობის კონტროლი, რომ სალოცავებთან ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს. წელს ნაკლები რაოდენობაა გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მომლოცველები პასუხისმგებლობით ეპყრობიან იმ საკითხს, რომ სოციალური დისტანცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.