6-05-2020
წყალში კორონავირუსის გადაცემის ფაქტი მსოფლიოში არ დადასტურებულა, ამიტომ იმედი გვაქვს, წლევანდელი ტურისტული სეზონით ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებენ, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„იმედია, ზაფხულში ჩვენი თანამოქალაქეები ტურისტული სეზონით ისარგებლებენ. ოღონდ, რა თქმა უნდა, რეკეომენდაციები დარჩება. მსოფლიოში წყლიდან გადაცემის ფაქტი დადასტურებული არ არის, აქედან გამომდინარე, ზღვაში ჩასვლაზე არანაირი პრობლემა არ იქნება. ზღვაზე სასურველი იქნება დისტანციის დაცვა. ჩვენ საკმაოდ დიდი სანაპირო გვაქვს და არა მგონია, დისტანციის დაცვის პრობლემა შეიქმნას“, - აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.