20-02-2018
,,ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა რუსთავის მერიასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები თბილისი-რუსთავის საქალაქთაშორისო სამარშრუტო ხაზით მოსარგებლე სტუდენტებისათვის სტუდენტური ტარიფის დაწესებას ითხოვდნენ. აქციაში მონაწილეობას 15-მდე პირი იღებდა, მათ შორის რუსთავის საკრებულოს დეპუტატები ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ნანა შატბერაშვილი და გურამ ლაცაბიძე.
აქციის მონაწილეები სტუდენტური ტარიფის შემოღების მოთხოვნის თაობაზე ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს რუსთავის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და ქალაქის საკრებულოს წევრი გიორგი ჭანტურია შეხვდნენ. მათ აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, ამასთან ერთად, მერიას უკვე აქვს ორი პროგრამა, კერძოდ სოციალურად დაუცველი, დევნილი, შშმ, მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებისა და წარჩინებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის.
რუსთავის მერიის განმარტებით, პირველი პროგრამის ფარგლებში აღნიშნული კატეგორიებში შემავალი სტუდენტები ყოველთვიურად მგზავრობის საფასურის გადასახდელად 50 ლარს იღებენ, მეორე პროგრამის ფარგლებში კი სწავლის საფასურის დასაფარად ყოველწლიურად 800 ლარს.
ამის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან დიალოგის გაგრძელება აღარ ისურვეს და დარბაზი ხმაურით დატოვეს. როგორც რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიამ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, აქცია მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და მისი მონაწილეები არა საკითხის გადაჭრის განზრახვით, არამედ მხოლოდ ხმაურის ასატეხად იყვნენ მერიაში მისულები.
"ინტერპრესნიუსი"