გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თავშესაფარი, რომელიც არავის სჭირდება – ბიუჯეტიდან არაეფექტურად დახარჯული 2000 000–მდე ლარი

16-11-2017

ახალციხის მერიის მიერ არაეფექტურად დახარჯული ათობით ათასი ლარი და პროექტი, რომლის განხორციელებაშიც იურისტები კორუფციის ნიშნებს ხედავენ. რატომ მოხვდა აუდიტის დასკვნაში პროექტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 000–მდე ლარი გაიწერა.


ახალციხეში, ქალაქიდან მოშორებით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც ავარიული გზა მიდის, გაჭირვებული მოქალაქეებისთვის ღამის გასათევი 2015 წლის ზაფხულში აშენდა. მას შემდეგ შენობა დაკეტილია, სახელმწიფო ქონებას კი დარაჯი იცავს. 

„ეს ააშენეს ისეთი ადამიანებისთვის, ქუჩაში რომ არიან და წასასვლელი არ აქვთ. ეგეთი არავინ არაა და ამიტომ დაკეტილია. აქ მოსული ჟურნალისტების გარდა, ჯერ სხვა არავინ მინახავს“, – ამბობს თავშესაფრის დარაჯი ავთანდილ ჩილინგაროვი.



 რა მდგომარეობაა შენობაში, რომელიც ორი წლის წინ აშენდა, თუმცა დღემდე არ ფუნქციონირებს, უცნობია. გამოკეტილი თავშესაფარი არც „სამხრეთის კარიბჭისთვის“ გააღეს. 

„ვერ შეხვალთ შიგნით, თუ შენობა გაინტერესებთ გარედან ნახეთ“, – გვითხრა ქალაქის ყოფილმა მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

რაში დახარჯა მერიამ 200 000–მდე ლარი?



შენობის დადგმის იდეა ზედგინიძის წინამორბედს, ახალციხის ყოფილ მერს გიორგი კოპაძეს ეკუთვნის. ქალაქის საკრებულომ კი პროექტის განხორციელებაზე მას თანხმობა მისცა. 2015 წლის 6 აპრილს 120 000 ლარის ღირებულებით სოციალურად დაუცველთა სახლის, ასაწყობი შენობის კომპლექტის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად შპს „კუშა“ გამოვლინდა. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც N59 ხელშეკრულების საფუძველზე 118 400 ლარს შეადგენდა, 2015 წლის 4 სექტემბერს დასრულდა. 

სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერი შენობაში სველი წერტილებისა და გათბობის დამონტაჟებას ითვალისიწინებდა. თუმცა, ფუნქციონირებისთვის ახლადმოწყობილ სახლს ინვეტარიც სჭრიდებოდა. მატრასის, კარადების, დივნის, საოფისე სავარძელისა და სხვა ნივთების შესაძენად მერიამ 679 000 ლარი გადაიხადა. 

გარდა გაწერული ხარჯებისა, მერიამ შენობის შესანახად წლიურად თანხა ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გაწერა. აქედან, 19 000 ლარი სოციალურად დაუცველთა სახლის ორი დარაჯის ხელფასისთვის, 21 000 კი კომუნალური და სხვა ხარჯებისთვის გაითვალისიწინა. შენობა ააიპ ახალციხის სათნოების სახლს ბალანსზე თხოვების ხელშეკრულებით გადსცა. 

„აქ კიდევ საჭიროა კარგი სიმძლავრის სარეცხის მანქანა და უთო. ადამიანს რომ დააძინებ, იმას უნდა გაურეცხო კიდეც. ამიტომ ამაზე ტენდერი გვქონდა გამოცხადებული სამჯერ, მაგრამ ჩაიშალა და არ შედგა“, – ამბობს ააიპ „ახალციხის სათნობის სახლის“ დირექტორი ვერა ბარძიმაძე. 

სახლი უსახლკაროებისთვის ღამის გათევის მიზნით აშენდა. თუმცა, როგორც ვერა ბარძიმაძე ამბობს, „ქუჩაში რომ ვინმეს ეძინოს და თავშესაფარი არ ჰქონდეს,“ ეგეთი არავინ ახსენდება: „ჩვენ სათნოების სახლში ვინც იკვებებიან უმწეოები თავშესაფარი ყველას აქვს“. 

სახლი ვისთვისაც აშენდა, ასეთი ბენეფიციარები რომ არ არსებობენ, ამაზე ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძეც საუბრობდა მანამდე, ვიდრე უფლებამოსილება შეუწყდებოდა: „რომ გავხსნათ, ვის მოვემსახუროთ?! მანდ ქუჩაში დავარდნილის ერთი დღით შეყვანის უფლება მაქვს და ასეთი თქვენ გინახავთ ვინმე?! ამიტომ ახლა მაგის ფუნქციონირება შეჩერებულია, რადგან საჭიროება არ არსებობს“. 

შეკითხვაზე, მაშინ რატომ გაიწერა ბიუჯეტიდან ათობით ათასი ლარი, თუ ბენეფიციარები არ არსებობდნენ, ვისაც შენობა მოემსახურებოდა, ზედგინიძემ გვიპასუხა: „ამას მე ნუ მეკითხებით. ამ წუთში ამის საჭიროება არ არსებობს. ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცი“.


 

 

მერიის „დასაბუთება“



რაში და როგორ დაინახა ახალციხის მერიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აღნიშნული პროექტის განხორციელების საჭიროება, ამ შეკითხვებით „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის თვითმმართველობას წერილობით ორჯერ მიმართა. 

პირველ წერილში (N695/05) პასუხად მივიღეთ, რომ „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაიზარდა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების რაოდენობა. მათმა ნაწილმა დროებითი თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით დახმარებისთვის წერილობით მომართა მერიას, საკითხი შესწავლილ იქნა შესაბამისი სამსახურის მიერ. ვინაიდან ჩვენ ქალაქში არ არსებობდა თავშესაფრის ტიპის დაწესებულება, მერიამ საკრებულოს მიმართა თხოვნით თავშესაფრის აშენების თაობაზე, რაზეც თანხმობა მიიღო“. 

რომელი იყო შესაბამისი სამსახური, რომელმაც საკითხი შეისწავლა, რამდენი ასეთი მოქალაქის მიმართვა არსებობდა მერიაში ან სად არიან ახლა ის უკიდურესად გაჭირვებული მოქლაქეები, რომლებიც მაშინ თავშესაფარს ითხოვდნენ, ამ ხელახლა დასმულ შეკითხვებზე მერიამ მხოლოდ ის დაგვიკონკრეტა, რომ საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ იყო შესწავლილი. თუმცა, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა ,ამ სამსახურის მიერ აღნიშნული საქმის წარმოების დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. 
რაც შეეხება უსახლკაროდ დარჩენილების მიერ წარმოდგენილი განცხადებების სტატისტიკას, მერია წერილობით გვპასუხობს, რომ: „2014–2016 წლებში განცხადებით მერიას მიმართა 16–მა მოქალაქემ, რომლებიც დროებით თავშესაფარს ითხოვდნენ“. 

თუმცა, გაუგებარია რა კავშირშია უმწეოთა თავშესაფრის აშენების აუცილებლობის დასაბუთებასთან 2015–2016 წლების სტატისტიკა. მაშინ როცა, 2015 წლის დასაწყისში სახლის გაკეთება მერიაში თითქმის გადაწყვეტილი აქვთ. ეს კი მაშინდელი საკრებულოს N2 სხდომის ოქმის (30.01.2015) ჩანაწერიდან ირკვევა, 4 მაისს კი სახელმწიფო შესყიდვების საიტზე სახლის მოსაწყობად ტენდერი ცხადდება. 

რაც შეეხება 2016 წელს, თუ მერიაში თავშესაფრის თხოვნით განცხადებები ამ პერიოდშიც შედიოდა, მაშინ საინტერესოა, უკვე მოწყობილ თავშესაფარში თვითმმართველობა ასეთ ბენეფიციარებს რატომ არ ათავსებდა. 

„ამაზე საუბარი არ მინდა“, – გვითხრა მერის მაშინდელმა მოადგილემ ზაზა თამარაშვილმა. 

გიორგი კოპაძე, კი რომელსაც 2016 წლის 10 აგვისტომდე ქალაქის მერის თანამდებობა ეკავა, ახლა კი პარლამენტში ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატია, „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაუკავშირდა. მან ჩვენ სატელეფონო ზარებსა და SMS შეტყობინებებს არ უპასუხა. 

ამიტომ შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე გაკეთდა სახლი, რომელსაც ბენეფიციარები არ ჰყავს და თუ ჰყავს, მაშინ ამ სერვისით რატომ არ სარგებლობენ, საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარესა და წევრებს დავუსვით. 


 

„ვისთვის აშენებდა მერია მაგ სახლს და არსებობდნენ თუ არა უსახლკაროები ეგ შეკითხვები მაშინ საკრებულოს სხდომაზე ჩვენც დავსვით და გვითხრეს, რომ ასეთი ადამიანი ბევრი იყო და მონაცემებს მოგვაწვდიდნენ“, – ამბობს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე. 
მისივე თქმით, ამ სახლში პოტენციური მცხოვრებლების სია უნდა შემდგარიყო, ასევე პროექტის საჭიროების კვლევაც უნდა ჩატარებულიყო და ეს ყველაფერი სხდომაზე მოთიხოვეს კიდეც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ ორგანოს მსგავსი არაფერი წარმოუდგენია, უმრავლესობამ პროექტის განხორციელებას ხელი მაინც აუწია. 

„ჩვენ ქალაქში ეგეთი თავშესაფარი არ არის. არავის არ გვქონდა გარანტია, რომ ისეთი გაჭირვებული ადამიანი, ვისაც ეგ ბინა დასჭირდებოდა, ქუჩაში არ მოხვდებოდა. რომ მომხდარიყო ასეთი რამ, მერე ხომ ვიტყოდით, რატომ არ გვაქვს ასეთი თავშესაფარიო?!“ – განაცხადა ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა მიქელაძემ საკრებულოს ერთ–ერთ სხდომაზე, როცა უმცირესობის დეპუტატმა მალხაზ გიქოშვილმა უფუნქციოდ დარჩენილი სახლის შესახებ საკითხი დასვა. 

გიქოშვილი მიიჩნევს, რომ ყველა დეპუტატმა, რომელმაც მაშინ ამ პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა, პასუხისმგელობა უნდა იგრძნოს: „დაინტერესებულხართ რას მიეცით თანხმობა და ახლა იმ შენობაში არის თუ არა ვინმე?! ამხელა ფული რომ დაიხარჯა, ეს თანხა გაჭირვებული ადამიანების ოპერაციისთვის მაინც გაგეცათ?! ან თუ ასეთი უსახლკარო მოხვდბოდა ქუჩაში, მერიას უფრო იაფი დაუჯდებოდა ის, რომ ერთი ან ორი ღამით სასტუმროში შეეყვანა“. 

რა წერია აუდიტის დასკვნაში?



მერიამ რომ პროექტის განხორციელების საჭიროება არ შეისწავლა და ასი ათას ლარზე მეტი არაეფექტიანად გახარჯა, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015–2016 წლების ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების შესაბამისობის ანგარიშშიც ვკითხულობთ. დოკუმენტში, რომელიც 2017 წლის 5 ოქტომბრით თარიღდება, წერია რომ „მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველთათვის სახლის მოსაწყობად 134.4 ათასი ლარი არაეფექტიანად დახარჯა“. 

როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, კვლევის პროცესში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 134 400 ლარი იყო გახარჯული: „ობიექტი კი არ ფუნქციონირებს და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას“. 

ამიტომ, აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტს რეკომენდაციით მიმართავს, რომ „კარგად შეისწავლოს მოსახლეობის საჭიროებები, განსახორციელებელი პროექტების მოსალოდნელი შედეგები, შესაძლო ხელშემშლელი ფაქტორები და აღნიშნულის გათვალისწინებით პრიორიტეტულად განსაზღვროს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლის დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიც დროულად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე“. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები აღნიშნულ პროექტში კორუფციის ალბათობაზე საუბრობენ. 

„როცა რაღაცა კეთდება მოტივაცია ყოველთვის არსებობს. აქ ლეგიტიმური მოტივაცია არ იკვეთება, რადგან ეს სახლი რეალურად არავის სჭირდება, ამიტომ რჩება რაღაც სხვა და საფუძვლიანი ეჭვია, რომ შესაძლოა, ეს მოტივაცია იყოს კორუფციული გარიგება“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე და ამატებს, რომ, თუ აქ ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების განზრახვა გამოიკვეთება, მაშინ ამ პროექტით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდენენ. 

ჩიხლაძის პოზიციას იზიარებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე: „ორი წელია აშენდა და ამ შენობით არავის უსარგებლია, გარდა ამისა, მისი შენახვა ბიუჯეტს დამატებითი ხარჯები უჯდება. გარდა მერიის თანამშრომლებისა, ყველა საეჭვო კითხვას პასუხი საკრებულოს იმ წევრებმაც უნდა გასცენ, ვინც ამ პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა“. 

აღნიშნული პროექტით, ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანოები არ დაინტერესებულან. რაც შეეხება მის მიზნობრიობას, თუ რა ფორმით გააგრძელებს ფუნქციონირებას მიუსაფართათვის აშენებული სახლი, ახლადარჩეულ თვითმმართველობაში არ იციან. 

„ჯერ ქონება არ გადმოგვცემია. როცა გადმოგვეცემა შევისწავლით საკითხს და მის მიზნობრიობას ამის შემდეგ განვსავზღვრავთ“, – ამბობს ახალციხის ახლად არჩეული მერი ზაზა მელიქიძე.


წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"