20-02-2018
უმსხვილესი თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოში, კერძოდ, შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს, 75 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად „ჩალიკ ენერჯი“ 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თავის მხრივ, აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ სჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. მისივე თქმით, „ჩალიკ ენერჯის“ განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი თურქეთში წარმატებული იქნება.
„დღეს საქართველოდან ძალზე ძვირფასი დელეგაციაა ჩამოსული, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და რაც მთავარი იყო, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება 50 მეგავატით. ჩვენ გვჯერა საქართველოსი.“, - აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა.
„ჩალიკ ენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმედ ჩალიკთან შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა და ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, ასევე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს ქარის ელექტროსადგურის პროექტს „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით განახორციელებს.
"ინტერპრესნიუსი"