გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ავსტრიაში საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

20-02-2018

7 თებერვალს ავსტრიაში გაიმართა პროექტ "მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების" პრეზენტაცია და გაიხსნა მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია, ავსტრიაში მცხოვრები ქართველები, საქართველოდან, იტალიიდან და ჩეხეთიდან ჩამოსული სტუმრები და ჯარისკაცთა ნათესავები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, ავსტრიაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების - ავსტრიის ქართული სათვისტომოს და ლინცის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. ასევე ღონისძიებაზე ჩამოსვლა მოახერხეს მაუთჰაუზენში დაღუპული ორი ჯარისკაცის - ბენია პირველაშვილისა და ლუკა მარკოზაშვილის შთამომავლებმა.

საკონცენტრაციო ბანაკის დათვალიერების, პროექტის პრეზენტაციის და მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ მამა ილია ჩადუნელმა იქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

მაუთჰაუზენის ბანაკი ავსტრიის ტერიტორიაზე არსებული მთავარი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და მიეკუთვნებოდა მესამე, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე ბანაკთა კატეგორიას. მის დაქვემდებარებაში შედიოდა 49 საკოცენტრაციო ბანაკი. 1938-1945 წლების მანზილზე აქ დაახლოებით 190 00 ადამიანი იმყოფებოდა ტყვეობაში, მათგან დაახლოებით 90 000 ბანაკის მკაცრ რეჟიმს შეეწირა.

ბანაკის პატიმრები მათი ეროვნებისა და ტყვედ აყვანის საბაბის მიხედვით სხვადასხვა კლასებად იყვნენ დაყოფილნი. განსაკუთრებით მკაცრად ებრაელებს და საბჭოთა ჯარისკაცებს ეპყრობოდნენ. ამ უკანასკნელთა ნაწილს, „ტყვიისათვის განწირულებს“ ( K-Haftling) უწოდებდნენ და ბანაკის მე-20 ე.წ. „სიკვდილის ბლოკში“ ჰყავდათ განთავსებული.

1945 წლის პირველი თებერვლის ღამეს მე-20 ბლოკში განთავსებულმა 500-მდე საბჭოთა ჯარისკაცმა მასობრივი გაქცევა მოაწყო. ეს გაქცევა მაუთჰაუზენის ისტორიაში მოიხსენიება სახელით „კურდღლებზე ნადირობა მეულვირთელში“.

მე-20 ბლოკში განთავსებულ ტყვეთა შორის რვა ქართველიც იმყოფებოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით რამდენიმე მათგანი ამ ისტორიული გაქცევის მონაწილე იყო. ბლოკში დარჩენილი ტყვეები იმავე ღამით გამოასალმეს სიცოცხლეს, გაქცეულებზე კი საგანგებო ძებნა გამოცხადდა. როგორც ცნობილია, გაქცეულთაგან მხოლოდ 11 ადამიანი გადარჩა ცოცხალი, მხოლოდ 8 მათგანის ვინაობა არის ცნობილი.

1945 წლის 5 მაისს აშშ-ს არმიამ მაუთჰაუზენისა და გუზენის ბანაკები და იქ მყოფი დაახლოებით 40 000 ათასი ტყვე გაათავისუფლა.

1949 წელს მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.

ავსტრიის ტერიტორიაზე არსებულ ყოფილ მთავარ საკონცენტრაციო ბანაკ მაუთზაუზენში ათეულობით ქვეყანას ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმს შეწირული თავიანთი მოქალაქეების სახელზე, სიმბოლური დაფა აქვს აღმართული. ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით ამიერიდან მათ ქართული დაფაც შეემატა.