დაკავება 15 ნოემბერს მოხდა. რიჩარდ შაშიაშვილის ოჯახის წევრების თქმით, 2 დღის წინ, საღამოს, რიჩარდს უცნობმა ქალმა დაურეკა და უთხრა, რომ კომპიუტერული მომსახურება სჭირდებოდა. „რიჩარდს თავისი ტელეფონის ნომერი ოფისის კარზე აქვს გაკრული. მანქანის ხელოსანთან იყო. იმ ქალმა სთხოვა, იქნებ დამეხმარო, აქაური არ ვარ და დოკუმენტების ამობეჭდვა მჭირდებაო. ჩემი მეუღლე ოფისში მივიდა. ამ ქალმა უთხრა, რომ ახმეტაში არაყი იყიდა და რეალიზაციისთვის მარკები სჭირდებოდა, რომელიც მეხსიერების ბარათზე ჰქონდა ჩაწერილი. რიჩარდს შესაბამისი ქაღალდი არ ჰქონა. უთხრა, რომ მეორე დღეს თბილისში მიდიოდა და ქაღალდსაც შეიძენდა. ამ ქალმა წინასწარ გადაუხადა 100 ლარი. მესამე დღეს რიჩარდმა ყველაფერი გაამზადა და დაურეკა, რომ წაეღო. ქალი ოფისიდან გავიდა თუ არა, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და რიჩარდი დააკავეს“, – უთხრა „რეგინფოს“ დაკავებულის ცოლმა.
„რეგინფოს“ ინფორმაციით, იგივე აგენტი–პროვოკატორის მეშვეობით, ყალბი აქციზური მარკების დამზადება–რეალიზაციის ბრალდებით, ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. ამ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე არ ადასტურებს.
„რიჩარდ შაშიაშვილის დაკავებას ვადასტურებთ. დანაშაული ჩაიდინა და იმიტომ დავაკავეთ. ის ქალი ჩვენი აგენტი არაა. ყალბი ფულის ბეჭდვა როგორც არ შეიძლება, ისევე არ შეიძლება ყალბი აქციზური მარკის ბეჭდვა და რეალიზაცია. იცოდა თუ არ იცოდა ეს ნორმა, კანონის არცოდნა, არ არის არცოდვა, ასეთი დანაშაულის მითუმეტეს. სანამ დანაშაულს ჩაიდენდა, შეეძლო გაერკვია. მოხდა ყალბი აქციზური მარკების დამზადება და მისი რეალიზაცია“, – განუცხადა „რეგინფოს“ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ.
რიჩარდ შაშიაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 200 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენებას. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რიჩარდ შაშიაშვილი ახმეტაში, ნაქირავებ ბინაში მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. დაკავებული თელავის იზოლატორშია მოთავსებული.
დადასტურებული ინფორმაციით, იგივე ქალი, რომლის მეშვეობითაც რიჩარდ შაშიაშვილი დააკავეს, საგამოძიებო სამსახურის სხვა საქმეებშიც ფიგურირებს. „რეგინფო“ ამ თემაზე ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ.
წყარო: reginfo.ge