გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ორშაბათიდან სილამაზის სალონები გაიხსნება

14-05-2020

დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ხაზგასმით ვამბობ, შედარებით და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს - წარმატებული ბრძოლა ინფექციის და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან როგორც ჩანს დარჩება დიდ ხანს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრების შესახებ დახურულ და ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.

„შემდეგი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო გახლავთ იმ წესების დაცვა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად და შედარებით უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორედ დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება სწრაფად ავამუშაოთ ეკონომიკა რაც ჩვენი მიზანია. მოგეხსენებათ, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შესვლა და გამოსვლა ქალაქებში - რუსთავი და გარდაბანი. ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში და ჩვენი ამ რეგიონის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ ისარგებლონ გადაადგილების იმ შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე. ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებული ცოტა ადრე გადავდგათ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სამედიცინო ცენტრები, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაზეც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.