14-05-2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის სიმძიმეს მაინცდამაინც ქრონიკული პათოლოგია არ განსაზღვრავს, - ამის შესახებ მან „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენს კლინიკაში, ბევრი ახალგაზრდა პაციენტი რეანიმაციაში იწვა, საბედნიეროდ, ყველა ახალგაზრდა ჯანმრთელი გაეწერა. რეანიმაციაში ხვდებოდნენ ასევე ის პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული პათოლოგია არ ჰქონდათ, მაგრამ დამძიმებული იყვნენ სუნთქვის მწვავე უკმარისობით“, - აღნიშნა რატიანმა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად მდგომარეობიდან გამოსვლა იმ ადამიანებს გაუჭირდათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებასთან ერთად ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი და შერწყმული იყო ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია პნევმოფიბროსთან.
„ჩვენ რეანიმაციიდან 82 წლის ქალი გავწერეთ, რომელსაც 30-წლიანი შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, მასთან დიაბეტის ყველა გართულება სახეზე იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ქალი ჩვენი კლინიკიდან გაეწერა. ამიტომ, სიმძიმის განმსაზღვრელი მაინცდამაინც ქრონიკული პათოლოგია, ასაკი ჩვენი კლინიკის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ არ არის“, - აღნიშნა რატიანმა.
ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა