გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა

15-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, დღეს დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა. იმოქმედებს სპეციალური ზომები - ამ სოფლიდან გასვლა და ადგილზე შესვლა სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება. ეს ნებართვები კი სურსათის უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების მიზნით გაიცემა.

გეტაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა, შესაბამისად, დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები გატარდება და ზომები გამკაცრდება. სოფელ გეტას გარდა, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა მუშევანშიც.

საქართველოს პარლამენტის ბოლნისის მაჟორიტარის დეპუტატის, გოგი მეშველიანის, განმარტებით, სოფლის ჩაკეტვა ინფექციის პრევენციის მიზნით გახდა საჭირო. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, მოიძიებენ კონტაქტებს, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი გამოიკვლიონ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში. სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8;მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა“, - ამბობს გოგი მეშველიანი.

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

imedinews.ge