15-05-2020
თუ არაფერს ავაშენებთ, ასე ქვეყანა არ განვითარდება, - მის შესახებ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე განაცხადა.
მისივე თქმით ეს არის პროექტი, რომელზეც მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. 3 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველდღიურად ითხოვდა ახალ-ახალი კვლევების ჩატარებას, ამ პროექტმა მიაღწია იმ კონდიციას, როცა გარემოზე ზეგავლენა მინიმალურია.
„თუ არაფერს ავაშენებთ, ასე ქვეყანა არ განვითარდება. ზარალი მართლა მინიმალურია, რადგან იქ არ კეთდება დაგუბება, არის უბრალოდ გვირაბებით და იქ გაივლის იმდენი წყალი, რომ საქართველოში ყველაზე წყალუხვ მდინარეს არაფერი მოაკლდება. წყალდიდობების დროს, როდესაც რიონი მართლა ანგრევს სოფლებს, ეს გვირაბები იქნება მშვენიერი საშუალება, რომ ეს საფრთხე მინიმუმზე დავიდეს. დაახლოებით 800 მილიონ კილოვატს გამოიმუშავებს წელიწადში და ეს ნიშნავს რომ ყოველწლიურად 120-150 მილიონი ლარი გადის ქვეყნიდან და სინამდვილეში ეს თანხა ქვეყნიდან კი არ გავა, ქვეყანაში დარჩება. ეს ნიშნავს, რომ იქ განხორციელდება 330 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც ნიშნავს, რომ ონის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 10-12 მილიონი ლარი შევა. ახლა, ონის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარია. ონის ჰესი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ონის ჰესების კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება. ინიციატივას უკვე მოჰყვა რამდნეიმე საპროტესტო აქციაც. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება.
კასკადი რიონზე 2 ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება.
2021 წლისთვის 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ამუშავდება, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატი სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.