გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსებმა დაბა აიბღა წაართვეს- საკუთარი კურშაველის შექმნა სურთ?

15-05-2020


„მაღალმთიანი სოფელი აიბღა მდინარე ფსოუს ზედა ნაწილში მდებარეობს. საოცრად თვალწარმტაცი ადგილი, სადაც მთები ანკარა მდინარეებთან და უღრან ტყეებთან სრულ ჰარმონიაშია.

 

სოფელი სახელმწიფო საზღვრით ორ ნაწილად არის გაყოფილი-რუსეთსა და აფხაზეთს შორის. ეს ქალაქ სოჭის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია ( ზღვის დონიდან 840 მეტრი) ; რუსული დასახლება აქ 1869 წელს მოგილიოვის ოლქიდან ჩამოსულების მიერ აშენდა.

 

დაბა აიბღა ყოველთვის იყო საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა საქართველოს კამათის საგანი.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, აიბღას პატარა კურშაველად გარდაქმნაა შესაძლებელი. წარმოუდგენლად ლამაზ ადგილებში მდებარე დაბა ელიტური, უმაღლესი დონის დასახლება გახდებოდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია არსებობს იმის შიში, რომ ადრე თუ გვიან აიბღა რუქიდან საერთოდ გაქრება“-მართლაც ულამაზეს მაღალმთიან სოფელს და მის მიდამოებს რუსულ სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ 2011 წელს სწორედ ასე აღწერდნენ.

გადიოდა წლები, მდინარით ორ ნაწილად  გაყოფილ აიბღაში, რომელიც მუდამ  რუსულ და დე ფაქტო აფხაზეთის კომისიების დავის საგანი რჩებოდა, ცხოვრება სულ უფრო უკან მიდიოდა. რუსული სააგენტოები, ტელევიზიები თუ კომენტარორები სულ უფრო მეტს წერდნენ იმის შესახებ, თუ რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია ეს თვალწარმტაცი ადგილი.

 

აქცენტს კი იმაზე აკეთებდნენ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, აიბღას მაცხოვრებლები კი პრეზიდენტ პუტინს ეხვეწებიან სოფელი რუსეთს შეუერთოს.

 

„ჩვენ თითქოს კონცენტრაციულ ბანაკში ვცხოვრობთ. ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ-დახვრეტა. ჩვენ ყველას გვაქვს საშვი „ეფესბეს“-გან, მის გარეშე ვერსად წახვალ“-უყვებოდნენ ადგილობრივები რუსულ მედიას.-„ვითხოვთ-გაგვაერთიანეთ, მიეცით ჩვენი თავი რუსეთს. რესპუბლიკის ბიუჯეტში მაინც არ არის ფული, რომ ჩვენზე იზრუნონ“.

და ჰოი, საოცრებავ! დიადმა ვლადიმერ ლენინმა, უკაცრავად- ვლადიმერ პუტინმა აიბღელების მუდარა შეისმინა, ოღონდ რა თქმა უნდა, ისე, რომ სოხუმში მყოფ ძმებს და შეთავსებით უხმო ვასალებს თვალებში ნაცარი შეაყარა- ისედაც ოკუპირებულ აფხაზეთს კიდევ უხმაურო ოკუპაცია ჩაუტარა…

 

ნაცარი იმიტომ, რომ 10 წელია უკვე რუსეთ-დე ფაქტო აფხაზეთის საზღვრების დამდგენი კომისია არსებობს. აგერ უკვე ათწლეულია ის იკვლევს დაბა აიბღას აფხაზური ნაწილი ნამდვილად აფხაზურია თუ არა და აქამდე ვერაფერი გამოიკვლია.

 

დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებაში, აიბღას საკითხი დიდი ხანია განხილვის თემად იქცა, თუმცა ეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას ჰგავს და არაფერს არ ცვლის-ჯერ კიდევ სოჭის ოლიმპიადის დროს ის რუსი მესაზღვრეების კონტროლის ზონაში მოხვდა.

 

ოლიმპიადის შემდეგ, სოჭის მერი აიბღას ეწვია და ადგილობრივებს გაესაუბრა. მათ დანგრეული გზის, ჩამონგრეული ხიდის შეკეთება და ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

 

რუსული ტელევიზიის ეთერით, მერი აიბღას შესახებ როგორც რუსეთის ტერიტორიის ნაწილზე ისე საუბრობდა, რამაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღშფოთება გამოიწვია. აფხაზებმა  ადგილზე თავისი ჟურნალისტები სასწრაფოდ აფრინეს.

 

მათ აიბღას რუსმა მაცხოვრებლებმა კუდით ქვა ასროლინეს და კარგადაც გამოლანძღეს, რადგან არაფრით არ უნდოდათ აფხაზეთის იურისდიქციაში დარჩენა. მათგან რამდენიმე კილომეტრში ხომ „წითელი პალიანაა“, სადაც რუსებმა ელიტური კოპლექსები, სათხილამურო ტრასები ააგეს, ხოლო აიბღელებს ელექტროენერგიაც კი არა აქვთ.

 

ამასობაში რუსულმა პროპაგანდისტულმა საინფორმაციო არხმა „Россия 1“ სიუჟეტიც გამოაცხო, სათაურით „წითელი პალიანის მახლობლად მთიანი დაბა აიბღა იღუპება“…

ასეთი კიდევ ბევრი იყო, აფხაზებიც არა ერთხელ აღშფოთდნენ, მაგრამ როცა რუსეთის ხელისუფლებას ან ბიზნეს წრეებს სჭირდებათ, ოკუპაციის თუ ანექსიის მოწყობა „მეგობრული“ სახელმწიფოსთვისაც უმარტივესად შეუძლიათ.

 

რაკიღა 2010 წლიდან მუშაობის შედეგად, ე.წ საზღვრის დემარკაციის კომისია ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა საქართველოს ამ მიწის მათთვის მისაღებ გაყოფაზე, რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ „ძმები“ აფხაზების აზრი დიდად არ ადარდებს.

 

სასწორზე მართლაც უზარმაზარი პოტენციალი და ინვესტიციებია-რა დროს სოხუმის დარდებია? cyxymu.info-ს ცნობით, 2019 წელს გაგრის ამ რაიონის ტერიტორიას, რუსეთის საკადასტრო რეესტრი აღნიშნავს როგორც კრასნოდარის მხარის, ქალაქ სოჭის კუთვნილებას. არადა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ხელმძღვანელი ვალერი კვარჩია დაჟინებით იმეორებდა-„2011 წელს ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ საზღვრების საბოლოო დადგენაბმდე, არც ერთი მხარე არ გადადგამს რაიმე შეუთანხმებელ ნაბიჯს“.

 

საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრი დაურ კოვე, რომელსაც ასე უყვარს რუსული პასპორტით „ევროპებში“ სიარული, ასევე დაჟინებით ამბობდა: „დაბა აიბღას საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია, ის რჩება ერთობლივი რუსულ-აბხაზური კომისიის კომპეტენციაში. ამიტომ იმის თქმა, რომ აიბღა რუსეთს ეკუთვნის, არასწორია.“ ამის შესახებ კოვემ „ეხო კავკაზას“ განუცხადა. მაგრამ ვინ მოუსმინა? ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანამ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა, რუსეთმა გადაწყვიტა კრასნოდარის მხარის ტერიტორია საბოლოოდ განსაზღვროს-რა თქმა უნდა მატებით.

 

ამიტომაც, რუსეთის „ეფესბე“-მ თვითნებურად შეცვალა ე.წ დე ფაქტო სასაზღვრო ზონის ხაზები კრასნოდარის მხარეში და დაბა აიბღას აფხაზური ნაწილიც მიიერთა. გაცხადებული მიზანი-„რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდა და საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერება“. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 2020 წლის 17 აპრილს გავრცელდა.

 

იგივე ბლოგ cyxymu.info-ს ცნობით, ამ ტერიტორიის მორიგი გაყოფის შედეგად, მოსკოვის კონტროლ ქვეშ გადავიდა მიწის კიდევ ერთი დიდი მონაკვეთი.“გაგრის რაიონის სოფელ აიბღას სამჯერ უფრო დიდი ვიდრე წინა ნაწილი კრასნოდარის მხარის ტერიტორიად გაფორმდა. იმავე სქმემით, როგორც წინა ნაწილი“ როგორც ბლოგშია ნათქვამი, მიწის ეს მონაკვეთი საერთოდ არ ესაზღვრება რუსეთს და მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზეა.

 

აბა, სხვანაირად კურშაველს როგორ ააშენებენ? გავითვალისწინოთ, რომ რუს ოლიგარქებს ევროპაში ინვესტიციების დაბანდება და  ძველებური დასვენება აღარ გამოსდით-სანქციები ყელში აქვთ გაჩხერილი, აქ კი ღვთით ბოძებული მიწაა, რატომაც არ უნდა დაინაწილონ? აფხაზები შეუშლიან ხელს თუ რა? იყვირებენ და გაჩერდებიან, აბა პატრონის წინააღმდეგ ხო არ წავლენ?…კი არ დავიწყებიათ, რომ აფხაზური ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი რუსეთი ინახავს.

 

რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ჭეშმარიტებას, რომ კრემლისთვის არ არსებობენ მოკავშირეები და პარტნიორები, რომ ოკუპანტი ყოველთვის ოკუპანტად დარჩება, მისი ყურმოჭრილი მონა კი წელში ვერასოდეს გაიშლება…

 

ამასობაში, რუსულ საიტებზე კვლავ ასე აღწერენ მართლაც ულამაზეს აიბღას-„ამ საკვირველი ადგილის მონახულება დაკარგულ ედემში სტუმრობას ედრება, უნიკალური ბუნება და მომნუსხველი პეიზაჟები ნებისმიერი ტურისტის გულში დიდ ხანს დარჩება.

 

მთა აიბღას ფერდობზე კი მყინვარებისგან  ანკარა მდინარე უსახელო იბადება“.

 

ალექსანდრე მეტრეველი

 

 

პრაიმტაიმი