16-05-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საადრეო კარტოფილის აღება უახლოეს დღეებში დაიწყება. საკარანტინო მდგომარეობისას ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის პროცესში სახელმწიფო აქტიურად დაეხმარება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ადგილობრივ ფერმერებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება, სახელმწიფოს მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” გააცნეს და საადრეო კარტოფილის რეალიზაციის პროცესში მაქსიმალურ ხელშეწყობას დაჰპირდნენ.
„დღეს ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ დღეებში საადრეო კარტოფილის აღება დაიწყება, ამიტომ ვცდილობთ, რეალიზაციის პროცესში ფერმერებს ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აქტიურად დავეხმაროთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია და საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესში არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.