ახალშობილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. როგორც სიუჟეტში ამბობენ, გოგონამ სახლში იმშობიარა, რის შემდეგად ახალშობილი გაუჩინარდა. გოგონას ბებია ამბობს, რომ შვილიშვილის ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ.
მშობიარობის შემდეგ, გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანა. მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ექიმები ადასტურებენ, რომ ის ახლადნამშობიარები იყო, თუმცა, ჩვილი თან არ ჰყავდა. კლინიკის ექიმებმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს.
„კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით აღმოჩნდა, რომ იყო მშობიარობის მესამე პერიოდი. ნაყოფი ჩვენ არ გვინახავს. პლაცენტის ზომების მიხედვით, ვივარაუდეთ, რომ პაციენტმა დროულად იმშობიარა“, - განაცხადა ექიმმა ხათუნა ჯორბენაძემ.
პოლიცია მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლით იძიებს, რაც უკანონო აბორტს გულისხმობს. უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 300 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.