22-02-2018
ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიან სახლ აჭარის მთავრობამ მესაკუთრესგან ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ გამოისყიდის. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ხუთი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა, რის შემდეგაც მესაკუთრებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.
ბათუმის მერის ინფორმაციით, სახლის ცხრავე მესაკუთრესთან მიღწეულია შეთანხმება და მათ მერია ბათუმის საბინაო ფონდიდან ალტერნატიულ ფართობებს მას შემდეგ გადასცემს.
ძველ ბათუმში ისტორიული სახლების მესაკუთრეებისთვის ალტენატიული ფართობების შეთავაზებითა და ამ სახლების შემდეგ კომერციულ ობიექტებად ქცევის პროექტი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. ბევრი ამ იდეას ეჭვის თვალითაც უყურებს, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კერძო სექტორიდან ინტერესი არის. მერიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს პროექტში ჩართვის სურვილი.
ბათუმის მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე, მათ მიმდებარე ფონური ნაგებობების [საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში] ეტაპობრივად გამოსყიდვას, მცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზების გზით ლაშა კომახიძემ პირველ თებერვალს სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა. მერის ინფორმაციით, შენობების გამოსყიდვის შემდეგ ეტაპზე შეიმუშავებენ ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებს პირობიან საინვესტიციო წინადადებებს შესთავაზებენ.