გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

როდის შევძლებთ ზღვაზე დასვენებას? გადადის თუ არა ახალი კორონავირუსი საკვებით? აქტუალური კითხვები COVID-19-თან დაკავშირებით

25-05-2020

2020 წლის ყველაზე აქტუალური თემა ახალი კორონავირუსული ინფექცია და მასთან დაკავშირებული კითხვებია. ზოგს COVID-19-თან დაკავშირებით გარკვეული ფობია ჩამოუყალიბდა, სხვები თვითიზოლაციისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი. ვიღაცას ინფექციის წარმოშობის მიზეზი და კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობა უფრო აინტერესებს, ზოგს ზაფხულში დასვენების გეგმა აღელვებს. კითხვა ბევრია და პასუხებიც გარკვეულწილად განსხვავებული, თუმცა სპეციალისტები რიგ შემთხვევაში მაინც თანხმდებიან.


როგორ და რატომ გაჩნდა COVID-19? 


მსოფლიოში არსებობს მრავალი კორონავირუსი, რომლებითაც გამოწვეული ინფექციები COVID-19-ზე არანაკლებ სახიფათოა. სხვათა შორის, თავად კორონავირუსი ძალიან მცირე ზომის არის. ამიტომაც მის დასაფიქსირებლად სპეციალისტებს ძლიერი მიკროსკოპი სჭირდებათ. 


კორონავირუსებს შეუძლიათ იცხოვრონ როგორც ადამიანის, ისე - ცხოველის ორგანიზმში. ზოგჯერ "ცხოველური" ვირუსი რაღაც მიზეზით თავისებურებას იცვლის და ადამიანისთვისაც საშიში ხდება. როგორც ჩანს, SARS-CoV-2-ის, იმავე ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც ასე მოხდა. 


მსგავსი სიტუაციები რამდენიმე წლის წინაც შეიქმნა. მაგალითად, ეს მოხდა 2003 წელს (მაშინ „ატიპურ პნევმონიაზე“ საუბრობდნენ) და 2012 წელს (ამ დაავადებას "ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი" უწოდეს). მათ სპეციალისტები COVID-19-ის „ძმებად“ მოიხსენიებენ. ექიმები კორონავირუსულ ინფექციებს პატარა და ბოროტ ვირუსებს უწოდებენ.


რატომ გაჩნდა ახალი კორონავირუსი ჩინეთში?


წინა კორონავირუსული ინფექციებიც, რომლებიც ასევე ძალიან საშიშია ადამიანისთვის, წარმოიშვა აზიაში, სადაც ჩინეთი მდებარეობს. აზიაში ბინადრობენ ცხოველები, რომელთა ორგანიზმშიც სხვადასხვა კოროვირუსი მუდმივად არის. მაგალითად, მათი ბუნებრივი მატარებლები არიან ღამურები. 


სპეციალისტთა განმარტებით, რაღაც მომენტში ვირუსმა გადაწყვიტა, ბუნება შეეცვალა და ადამიანებისთვის საშიში გამხდარიყო. რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, მეცნიერებმა ჯერ არ იციან. ამ კითხვაზე პასუხს ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება.


COVID-19 მართლა ამდენად საშიში დაავადებაა?  


ექიმების განმარტებით, COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობას დაავადება არ ურთულდება. ზოგიერთებს კი ახალი კორონავირუსული ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვთ, შესაბამისად, მას ვერც გრძნობენ. ასევე ცნობილია, რომ ბავშვები იშვიათად ავადდებიან და მას საკმაოდ მსუბუქი ფორმით უმკლავდებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას აქვს გამონაკლისი. 


ყველაზე საშიში COVID-19 არის ხანდაზმულებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აწუხებთ. თუ ოჯახში ასეთი ადამიანი გყავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. მათთვის, ვინც ახალგაზრდაა, ჯანმრთელია, სწორად იკვებება და რეგულარულად  ვარჯიშობს, COVID-19 ნაკლებად საშიშია. თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია უსაფრთხოების იმ წესების დაცვა, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ არის რეკომენდებული.


რა საჭიროა თვითიზოლაცია? 


თვითიზოლაცია მოცემულ სიტუაციაში აუცილებელი და საჭირო რამ არის,  რადგანაც გარკვეული დაკვირვების შედეგად მეცნიერები და ექიმები მიხვდნენ, რომ ახალი კორონავირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს ძალიან სწრაფი ტემპით გადაეცემოდა. ამას კი შეუძლია გამოიწვიოს ის, რომ ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდეს საჭირო. 


თვითიზოლაცია არის აუცილებელი, რომ საავადმყოფოებში საკმარისი ადგილები იყოს მათთვის, ვისაც ექიმების დახმარება სჭირდება. როდესაც ჩვენ არსად გავდივართ, ვირუსს ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემა უფრო უჭირს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მოვერიდოთ ახლო კონტაქტს მათთან, ვინც ძალიან გვიყვარს და ვისაც ვუფრთხილდებით. 

თვითიზოლაცია მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის, თუმცა არც შეუძლებელია.


შინაური ცხოველების გასეირნება ნებადართული იყო, ბავშვების კი - არა. რატომ? 


მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსით შინაური ცხოველებიც ინფიცირდებიან, უცნობია, რამდენად საშიში არიან ისინი ადამიანისთვის. სანამ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, ვცდილობთ, ჩვენი შინაური ცხოველებიც დავიცვათ. სპეციალისტების რჩვევით, უმჯობესია, თუ თქვენი ძაღლი სხვა ძაღლებსა და ადამიანებს არ მიუახლოვდება. იგივე წესი მოქმედებს კატებთან მიმართებით. თუმცა გარკვეული ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ ძაღლები COVID-19-ისადმი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინფიცირების რისკი უფრო დაბალია. სწორედ აქედან გამომდინარე იყო ნებადართული ძაღლების გასეირნება და ბავშვების - არა. 


როდის შევძლებთ ზღვაზე წასვლას?


ზუსტი თარიღის თქმა ძალიან რთულია, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ ჯერ არც ვაქცინა არსებობს და არც წამალი. გარდა ამისა, ჩვენი იმუნიტეტი ძალიან ჭკვიანი და მზაკვარია, მან იცის როგორ ისწავლოს. თანდათანობით ის ვირუსს შეისწავლის და მას ძველებურად სწრაფი ტემპით გავრცელება გაუჭირდება. ექიმების განმარტებით, ამის შემდეგ სიტუაცია ნაკლებად საშიში გახდება, თანადათანობით მკაცრი შეზღუდვები მოიხსნება და ზღვაზე წასვლასაც შევძლებთ. თუმცა ეს ზუსტად როდის მოხდება, ამ ეტაპზე ამის თქმა, სამწუხაროდ, შეუძლებელია.


ვრცელდება თუ არა ახალი კორონავირუსი საკვებით?


სპეციალისტები ამაში 100%-ით  დარწმუნებული ჯერჯერობით არ არიან. თუმცა ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევენ იმ პროდუქტებს, რომლებიც თერმულად მუშავდება, რადგან ვიცით, რომ ახალი კორონავირუსი მაღალ ტემპერატურაზე კვდება. ის, რასაც უმად მივირთმევთ - ბოსტნეული, ხილი - საჭიროა ძალიან კარგად გავრეცხოთ.


 როდის შეიქმნება ვაქცინა?


COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ. თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან სპეციალისტები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მას არა მხოლოდ ვირუსის დამარცხება შეუძლია, არამედ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. სანამ მეცნიერებს ამაზე ზუსტი პასუხი ეცოდინებათ, ექსპერიმენტებისთვის დროა საჭირო. ეს კი შეიძლება წელიწადზე მეტსაც გაგრძელდეს. ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე ვაქცინაზე მიმდინარეობს და მეცნიერები ცდილობენ, ეს მაქსიმალურად სწრაფად გააკეთონ.