25-05-2020
გორში გარდაცვლილი 30 წლის ქალის ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ “რეგიონულ კვირასთან” საუბრობენ. როგორც გარდაცვლილის მამიდა, მაია თოდაძე ამბობს, ცხედარს დაზიანებების კვალი ყელისა და სახის არეში აღენიშნება.
მისი თქმით, ქალის სიკვდილი შესაძლოა, ქმრის ბრალი იყოს, რადგან მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად იმყოფებოდა.
“არ მინდა, დავიჯერო, რომ ამ საქმეში ქმარი ურევია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ბავშვი მოკლულია. სახეზე ისეთი ტრავმები აქვს, დარწმუნებული ვარ, მოკლულია. იმასაც ვეჭვობ, თვითონ ხომ არ მოიკლა თავი, რადგან გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ყელზე მოჭერილი აქვს, აშკარაა, რომ თავი აქვს დარტყმული, ტუჩიც მოყოლილი აქვს. ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ამ საქმეში რომ ვიღაცის ხელი ურევია, მე მაგას ვფიქრობ“, – ამბობს მაია თოდაძე.
ოჯახის წევრების თქმით, ბოლო ერთი თვის მანძილზე გარდაცვლილი შვილსა და ქმართან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
“იმ საღამოს დამ დაურეკა და ჰკითხა – ირინე, სადა ხარ, ჩადი სახლში, შვილი გკითხულობსო. ამან უპასუხა, რომ სახლში სტუმრები ჰყავდა და ქეიფობდნენ. ყველა ვურეკავდით, ბავშვიც ურეკავდა, თურმე, ამ დროს მკვდარი იყო. მოკლეს ჩემი შვილიშვილი“, – განაცხადა მაყვალა თოდაძემ.
გარდაცვალების სხვა ვერსიაზე საუბრობენ ოჯახის ახლობლები. მათი თქმით, გოგონას თირკმლის ქრონიკული პრობლემა ჰქონდა და დიალიზის პროგრამაშიც იყო ჩართული, თუმცა რამდენად გახდა ეს პრობლემა სიკვდილის მიზეზი, არ იციან.
როგორც შსს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს საქმის გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს