გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები დახატეს

23-02-2018

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები დახატეს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. იეჰოვას მოწმეებისთვის უცნობია, როდის გაჩნდა გამოსახულებები, ან ვინ დახატა ისინი.

წმინდაწყლის დასახლებაში იეჰოვას მოწმეების სახლი 10 წელზე მეტია არსებობს და ის კერძო პირის საკუთრებაშია. Qartli.ge-ს ინფორმაციით, იეჰოვას მოწმეებმა საკუთარი შენობის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გორის მუნიციპალიტეტში მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სახლებს ქირით აღარავინ აძლევდა. გორის ეპარქიამ საგუშაგო კოშკის გვერდით, მართლმადიდებლური ეკლესია ააშენა. მართლმადიდებლურ მრევლსა და იეჰოვას მოწმეებს შორის, ფიზიკური დაპირისპირების რაიმე ფაქტი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას არ დაუფიქსირებია.

სამეფო დარბაზის კედლებზე ჯვრების დახატვის ფაქტს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იეჰოვას მოწმეები თაყვანისმცემლობაში ჯვარს არ იყენებენ. საგუშაგო კოშკის განმარტებებში აღნიშნულია, რომ იეჰოვას მოწმეებს არ სწამთ, რომ იესო ჯვარზე გააკრეს. მათ სჯერათ, რომ იესო ვერტიკალურ ბოძზე აწამეს. რაც შეეხება სამეფო დარბაზს, ის იეჰოვას მოწმეებისთვის წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრია, სადაც ყოველკვირეული შეხვედრები იმართება.

reginfo.ge