29-05-2020
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ რუისში მდებარე სპორტული მოედნის მომიჯნავე ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. აღნიშნული საკითხი ხმათა უმრავლესობით (26 მომხრე, 2 წინააღმდეგი) გადაწყდა.
ხმაურის ფონზე წარიმართა საკითხის განხილვის პროცესი. საკრებულოს სხდომას ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ დეპუტატს, ვლადიმერ ბუზიაშვილსა და მის მიერ შექმნილ რამდენიმეკაციან „საინიციატივო ჯგუფს” დაუპირისპირდნენ. ადგილობრივებმა ბუზიაშვილს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებასა და ხელმოწერების გაყალბებაში დასდეს ბრალი.
„საკრებულოს სხდომა ვფიქრობ, ნორმალურად წარიმართა, სხვადასხვა აზრი დაფიქსირდა. აქ იყო 4 ადამიანი მოსული “ნაციონალური მოძრაობიდან”, რომელმაც პირდაპირ დააფიქსირა საკუთარი ვიწრო ინტერესები. ამ ჯგუფს არ აქვს ინტერესი, რომ ქარელის მუნიციპალიტეტი, თუნდაც რუისი, განვითარდეს, აშენდეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და ცხოვრება წინ წავიდეს. ამათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი”, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა.
საინიციატივო ჯგუფი კი საკრებულოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
„ჩვენ არ გავჩერდებით, ვაპირებთ მიღებული საკითხის კვლავ გასაჩივრებასა და აქციების დაწყებას. რა რაოდენობა იქნება მოსახლეობისა, ამას ყველაფერს მოკლე ხანში გაიგებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბუზიაშვილმა.
ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში არსებული სპორტული მოედნის მომიჯნავე ტერიტორია 2019 წლის 21 დეკემბერს, აუქციონის წესით, კომპანია „ბიგ სერვისმა” 54.000 ლარად შეიძინა. მუნიციპალური საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინვესტორს 3 წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი უნდა განეხორციელებინა. საუბარია ელექტრომობილების დამტენ სადგურზე, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, ვლადიმერ ბუზიაშვილის ინიციატივით, ადგილობრივების მცირე ნაწილმა, მიწის გასხვისების შეჩერების მოთხოვნით, ხაშურის რაიონულ სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა აეკრძალა.