„2017 წლის 15 ნოემბერს ახმეტაში, რუსთაველის ქუჩა N49-ში მდებარე ფოტო-ატელიეს შენობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავეს რიჩარდ შაშიაშვილი, რომელიც იმავე დღეს შეასახლეს კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
2017 წლის 16 ნოემბერს პროკურორმა გამოიტანა დადგენილება რიჩარდ შაშიაშვილის გათავისუფლების შესახებ, რადგან სისხლის სამართლის პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, მისი დაკავება აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა“, - განუცხადეს „რეგინფოს“ მთავარ პროკურატურაში.
გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, რიჩარდ შაშიაშვილი, რომელიც ახმეტაში, რუსთაველის გამზირზე, კომპიუტერული და ფოტო მომსახურების სერვისს ამუშავებდა, 15 ნოემბერს აგენტი–პროვოკატორის მეშვეობით დააკავეს. მას ყალბი აქციზური მარკების დამზადება-რეალიზაციაში ადანაშაულებენ.
„რეგინფომ“ ჰკითხა საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, რატომ მოაწყვეს დანაშაულის პროვოკაცია და რატომ ჩაადენინეს მოქალაქეს დანაშაული, რაზედაც სამმართველოს ხელმძღვანელმა პირმა განმარტა, რომ „ის ქალი“ მათი აგენტი-პროვოკატორი არ არის.
„რეგინფოს“ ინფორმაციით, აგენტი-პროვოკატორი 50 წლამდე ასაკის ქალია და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ სხვა პირთა საქმეებშიც ფიგურირებს. „რეგინფო“ იკვლევს ამ საქმეებს.
წყარო: reginfo.ge