23-02-2018
რუსთავში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ოთხსართულიანი კომპლექსი ძველ რუსთავში, გოგებაშვილის ქუჩაზე შენდება. პროექტს სამშენებლო კომპანია GBG ახორციელებს.
პროექტის პრეზენტაციას დღეს, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი დაესწრნენ და საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა განაცხადა, მშენებლობისას გათვალისწინებულია, როგორც სარეკრიაციო ზონის დაცვა, ასევე საბავშვო მოედნების მოწყობა.
„მოგეხსენებათ, რომ ბევრი საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, მაგრამ უფრო ხაზგასასმელია, რომ კერძო სექტორიც აქტიურად იღებს ამ პროცესში მონაწილეობას. დღეს მშვენიერ კომპლექსს ჩაეყარა საფუძველი, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მშენებლობისას გათვალისწინებულია როგორც სარეკრიაციო ზონის დაცვა, ასევე საბავშვო მოედნების მოწყობა. მე მივესალმები ამას, წარმატებას ვუსურვებ ამ კომპანიას და იმედი მაქვს, რომ მომავალში არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებენ“, - განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული.
,,მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ მშენებლობის პროცესში პროფესიულ პრაქტიკას ადგილზე გაივლიან კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტები. ამასთან ერთად, სამშენებლო კომპანია ,,Georgian Building Group“-ი რუსთავში რეგისტრირებულ ერთ სოციალურ ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს და ყოველთვიურად ხელფასს გადაუხდის“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
52-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა, საბავშვო გასართობი მოედანი და კეთილმოწყობილი სკვერი, მშენებლობაში კომპანია GBG 4 მლნ ლარის ინვესტიცის განხორციელებს.
"ინტერპრესნიუსი"