3-06-2020
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად ხორციელდება. ამჯერად მავნებლის მონიტორინგი იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს.
დღეისათვის რეგიონში მავნებლის მოსაზიდი 6237 სადგურია განთავსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა 1260 ფერომონი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და საკოორდინაციო მართვის ცენტრმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მავნებლის მოსაზიდი სადგურების (ფერომონების) მონიტორინგის შემდეგ წამლობის მორიგი ეტაპი ჩაატარეს. მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამუშაოებისათვის მობილიზებულია სპეცტექნიკა.
ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, გარდა თხილნარისა, მათ უმრავლესობას ბოსტნეული კულტურის სასათბურე მეურნეობები აქვს. მათივე თქმით, წინა წლებთან შედარებით, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დადებითი შედეგი სახეზეა, რაც არა მარტო თხილის და ბოსტნეული კულტურების, არამედ ხეხილისა და სხვა კენკროვანი მცენარეების ხარისხზეც აისახა.
იმერეთის რეგიონში უკვე მესამე წამლობა ჩატარდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო და საკოორდინაციო მართვის ცენტრი აგრძელებენ კოორდინირებულ მუშაობას ფერმერებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგად ფაროსანას გავრცელების არეალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა და ერთეულ ადგილებში ფიქსირდება, თუმცა, ზაფხულის პერიოდში, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, მავნებელი იწყებს კვერცხდებას, ამიტომ აუცილებელია დროული და ეტაპობრივი წამლობის ჩატარება. მიმდინარე წელს, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებლის სპეციალური დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავდა.