გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მუნიციპალიტეტებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას მხარი დაუჭირა

5-06-2020

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენისთვის წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება აღნიშნული კანონის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა, რაც მისცემს მუნიციპალიტეტებს საშუალებას საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში დაარეგულირონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება.

„ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ ცვლილების მიხედვით, თუ დღემდე ტრანსპორტის რეგულირების საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების კომპეტენცია იყო, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ამ უფლებით აღიჭურვება უკვე დანარჩენი მუნიციპალიტეტები და მთ შეეძლებათ აღნიშნულ უფლების სრულად განხორციელება, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა.

წარმოდგენილი კანონპროექტით დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესები რეგულირდება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არსებული პრაქტიკით, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი არ არის ეფექტური.

მომხსენებლის განმარტებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას.

ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება.

კანონმდებლობით, ასევე არაა განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამისი რეგულაცია.

კანონპროექტის მიღება კი აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პოპულარიზაციას უწევს ელექტროძრავიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კანონების პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პროექტთა პაკეტთან ერთად.

მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, აგრეთვე ხარვეზული ჩანაწერების გასწორებას. აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებისგან.

საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა. რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონს ემატება მე-175 მუხლი რომელიც გულისხმობს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადამხდელის ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ბ) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.

მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განმარტებით, მესამე მოსმენისთვის პროექტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად, ნაცვლად გამოქვეყნებიდან ერთი თვისა, გამოქვეყნებიდან 30 დღე განისაზღვრა.

„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად წარმოდგენილი ანგარიშის მომზადების ვალდებულება საქართველოს აკისრია 1966 წლის „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლით და მიზნად ისახავს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია, 2016 წლის ივნისის შემდეგ, VI-VIII გაერთიანებული ანგარიშების შემდგომ, საქართველოს მიერ, კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ. ანგარიში დაყოფილია 4 ნაწილად, რაც მათ შორის მოიცავს, შესავალს და ზოგად ინფორმაციას, კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების შესრულებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეთნიკურ ქართველთა დისკრიმინაცია და კონვენციით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოხსენება თავისი შინაარსის, ტევადობის და ჩვენი სახელმწიფოს სასიცოცხლო ამოცანების გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ ანგარიშის წარდგენა ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის კომიტეტზე“,-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების არადისკრიმინაციული, პროპორციული, ეფექტური და კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ შესაბამისი კანონების მიღებით დარეგულირდება სათანადო მართლზომიერი ჩარევის და სამართლიანი პირობების დადგენის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის ოპერატორების მხრიდან სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უსაფუძვლო უარის თქმის, დისკრიმინაციული საფასურის დადგენისა და ექსკლუზიური ხელშეკრულებების დაუშვებლობის მიმართულებით და, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ერთ-ერთი ძირითად საფუძველს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის.

კანონპროექტის მიღების შედეგად ავტორიზებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ უკვე არსებული, სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს განვითარებას, შეამცირებს ქსელის განვითარების საფასურს, წაახალისებს ავტორიზებულ პირებს ბოლო მომხმარებელს შესთავაზონ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შედარებით დაბალ ფასად.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში.

მომხსენებლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით, წარმოდგენილ პროექტში არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, დაკორექტირდა ტერმინები და შინაარსს ცვლილება არ განუცდია.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

დღესვე, კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ორი დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპუტატებს განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

ü „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს პროექტი)“

ხელშეკრულების თანახმად შეძენილი იქნება ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონები, რომლის შესყიდვის ღირებულებაც დაახლოებით 60 მლნ ევროა. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 15 მლნ ევროს (დეპოს მშენებლობა 10 მლნ ევრო, გვირაბის აღდგენა 5 მლნ ევრო) სესხის ხანგრძლივობა 15 წელი. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი.

ü „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“

„რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი“-ს დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 18 აგვისტოს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას (30 მლნ აშშ დოლარი) და 2015 წლის 1 მაისს ხელი მოეწერა შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულებას სასესხო ხელშეკრულებას (საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის მოქმედი როგორც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი)

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ( აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე ინსტიტუციონალურ განვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.